ეკა ბესელიას თქმით, ქართული ოცნების 4 დეპუტატს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ

region
ავტ.: region სექტემბერი 30, 2019 16:15

ეკა ბესელიას თქმით, ქართული ოცნების 4 დეპუტატს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ

ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ თქვა, რომ უმრავლესობის წევრებიდან იცის ოთხი შემთხვევა, ვისაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ და ემუქრებიან. ამის შესახებ მან დღეს, 30 სექტემბერს პროკურატურასთან ჟურნალისტებს უთხრა. ბესელია საგამძიებო ორგანოში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე დაიბარეს.

“შეიძლება იყოს მეტიც, შეიძლება უფრო მეტიც”, — ამბობს ბესელია და აღნიშნავს, რომ, მათ შორის, არის კაციც. ბესელია არ აკონკრეტებს სახელებს.

ეკა ბესელიამ, ასევე, ისაუბრა “მოსამართლეების გავლენიან ჯგუფსა და პარლამენტის წევრებს შორის კავშირებზე”. ეკა ბესელია ამ ჯგუფთან კავშირში უმრავლესობის დეპუტატებს, ვანო ზარდიაშვილსა და დავით მათიკაშვილს ადანაშაულებს.

26 სექტემბერს მას შემდეგ, რაც “ბესელიას მორალის” ხსენების გამო ბესელია ზარდიაშვილს სახეში ხელი გაარტყა, დეპუტატმა ტელეკომპანია პირველის ეთერში კადრების საკითხზე ისაუბრა.

“იმ კადრების გავრცელებაზე უმორალო ადამიანი ირიბად იშვერდა ჩემსკენ. ეს ხომ არის უღირსი საქციელი. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იმ კადრების გადამღებიც და გამავრცელებელიც არის უმორალო ადამიანი და ის კანონის სრული სიმაცრით უნდა დაისაჯოს. როცა ამ ქმედებას აბრალებ ადამიანს, ვისაც საერთოდ შეხებაც კი არ აქვს ამ პროცესთან, ეს ხომ არის უღირსი საქციელი.

ჩემი რვა წლის შვილი გასცემს ამ ეთერს. სახლში რა პასუხი უნდა გასცე ბავშვს, რომელიც ასეთ რამეს ისმენს. აი, ეს არის ამორალობა”, — განაცხადა ზარდიაშვილმა.

მას შემდეგ, რაც ეკა ბესელია მოსამართლეთა წინა 10-კაციან სიას ღიად დაუპირისპირდა რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელებში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ბესელიამ აღნიშნა, რომ კადრების გავრცელება დროში დაემთხვა მოსამართლეების შესახებ მის განცხადებებს. დეპუტატს არ უთქვამს, რომ მის წინააღმდეგ მისი პარტიის წევრები არ იბრძვიან, თუმცა აღნიშნა, რომ ვიდეომასალის გავრცელება “არაფერში სჭირდება” შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

მოგვიანებით ბესელიამ კადრებთან დაკავშირებით თანაგუნდელების განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ უხერხულია, როცა ისინი ამბობენ, რომ კადრები არ უნახავთ და ვერ შეაფასებენ. ბესელია ამბობდა, რომ ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებდა.

22 ივნისს ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ისევ პასუხგაუცემელია კითხვები, თუ ვინ არის ფარული ვიდეოკადრების ავტორი და მას აღარ აქვს იმედი, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდება. ბესელიას განცხადებით საპასუხოდ კი ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ ქართული ოცნებიდან წასულ დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი “უკვე დამღლელია”.

დეპუტატ ეკა ბესელიას საჯარო განცხადებიდან მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც “დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა”.

გამოძიების ვერსიით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა საქართველოს მოქალაქემ ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. შსს-ს განცხადებით, აღნიშნული კადრები ბრალდებულმა ფეისბუქის მესენჯერის საშუალებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქისგან მიიღო.

გამოძიება ასევე ამტკიცებს, რომ კადრები ფარულად, უკანონოდ არის გადაღებული 2012 წლის მაისის თვეში, რისთვისაც 2016 წელს გასამართლებული არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

region
ავტ.: region სექტემბერი 30, 2019 16:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,425
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics