ეკა ბესელია : ზაქარია ქუცნაშვილმა პასუხისმგებლობა აიღო და პარლამენტს ტოვებს, ეს შემდგომი პარლამენტისა და დეპუტატებისთვის მძაფრი მაგალითი იქნება

ზაქარია ქუცნაშვილმა პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადი გააკეთა, რომ პარლამენტს ტოვებს. ეს შემდგომი პარლამენტისა და დეპუტატებისთვის ალბათ ერთ-ერთი მძაფრი მაგალითი იქნება, რამდენად დიდი გააზრება სჭირდება ნებისმიერ იმ გადაწყვეტილებას, რომლებსაც ჩვენ, პარლამენტის წევრები ვიღებთ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე განიხილეს.

ამასთან, ეკა ბესელიამ ზაქარია ქუცნაშვილთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავა.

„გულწრფელად, რომ გითხრათ არ მომწონს კოლეგებზე აუგის თქმა, განსაკუთრებით ვინც მიდის. შეიძლება, ხშირად კრიტიკული პოზიციით გამოვსულვარ, მაგრამ როდესაც კოლეგის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მალე გადაწყდება და ალბათ, გადაწყვეტილება სესიაზეც მიიღება, იმაზე მეტს ვერ ვიტყვი, ვიდრე 20 ივნისის ღამემ თქვა, როდესაც ფატალური შეცდომა იყო დაშვებული იმ უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი ქმედებების გამო, რომელმაც ჩვენი ქვეყნის თავმოყვარეობას, ღირსებას და ისტორიას შეურაცხყოფა მიაყენა. არ მინდა, უფრო მეტად დავამძიმო დღეს, როცა ეს საკითხი უკვე საპროცედურო კომიტეტზე იხილება. ზაქარია ქუცნაშვილმა ეს პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადი გააკეთა, რომ პარლამენტს ტოვებს. რაც მგონია, რომ შემდგომი პარლამენტისთვის და დეპუტატებისთვის ალბათ ერთ-ერთი მძაფრი მაგალითი იქნება, რამდენად დიდი გააზრება სჭირდება ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომლებსაც ჩვენ, პარლამენტის წევრები ვიღებთ“, – აღნიშნა ბესელიამ.

ამასთან, მისი თქმით, უფლებამოსილების შეწყვეტა ქუცნაშვილის განცხადებით ხდება და არა იძულებით.

„ეს რომ მისი განცხადებით არ იყოს, ამაზე ყოველ შემთხვევაში ვიფიქრებდი, მაგრამ როცა ეს მისი განცხადებით ხდება, ჩვენ რეგლამენტში პირდაპირ გვიწერია, რომ დეპუტატს უფლებამოსილება უწყდება მისი განცხადების საფუძველზე. ახლა ეს ფორმალური პროცესია და მხოლოდ დადასტურება სჭირდება, მეტი არაფერი“, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა თავად მოითხოვა. მან სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის გარშემო განვითარებული პროცესების გამო თქვა. ზაქარია ქუცნაშვილი ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

banner
წინა სტატიაში20 ივნისის საქმე – ბაჩუკი ქარდავა გამოკითხვაზე საქალაქო სასამართლოში დღეს, 14:30 საათზე მივა
შემდეგი სტატიათბილისს ახალი ავტობუსები ეყოლება – კახი კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაზე საუბრობს