ეკა ბესელია – ვალერი გელაშვილის ცემა იმ სისასტიკისა და ძალადობის კლასიკური მაგალითია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას იყო

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მოსაზრებით, ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემა იმ სისასტიკისა და ძალადობის კლასიკური მაგალითია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში იყო.

ეკა ბესელია გელაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ადამიანი პირველი პირის დავალებით სასიკვდილოდ სცემეს.

„წლების განმავლობაში ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობდით. ვინც თვლის, რომ ეს საქმე პოლიტიკურია, მათ ვუსამძიმრებ. ნეტა, თუ არ ერიდებათ, რომ ამაზე ენა უტრიალდებათ და რამეს ამბობენ? დეპუტატი დღისით, მზისით სასტიკად სცემეს და კრიტიკული საგაზეთო ინტერვიუს გამო, სასიკვდილოდ გაიმეტეს. ვალერი გელაშვილის საქმე ერთ-ერთი სასტიკი საქმეა, კობა დავითაშვილისა და კარლო კოპალიანის საქმეებიც მახსენდება. ახლა ეს პოლიტიკური ძალა ამბობს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა. უახლოესი ისტორია ფეხდაფეხ მოგვყვება, წარსულის აჩრდილი ვერ დავასრულეთ“, – განაცხადა ბესელიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ვალერი გელაშვილს 2005 წელს სცემეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმა ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით მოხდა, რადგან ვალერი გელაშვილმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით კრიტიკულად ისაუბრა. ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია ვანო მერაბიშვილის მიმართ.

banner
წინა სტატიაშივალერი გელაშვილი – გიორგი ვაშაძემ მითხრა, პრეზიდენტს რომ გადაუდექი, რა გეგონაო, სადაც უნდა, პირზე დავადგები
შემდეგი სტატიამთავარ პროკურატურაში „საერთაშორისო გამჭვირვალობის” წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს