ხუთი წელი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციიდან და რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური რეალობა – 2018 წლის 16 დეკემბერს “ქართული ოცნება” ტაშს უკრავდა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს, რომელმაც კონსტიტუციაზე დადო ფიცი, რომ ქვეყანას ბოლომდე ემსახურებოდა.
მაშინ სცენის მიღმა მთავრობა იყო, დღეს კი ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში დიდი როლი ითამაშეს, ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს სცენაზე აღარ უშვებენ.
“უკულტურო, არაქართული და არაევროპული საქციელია” – ასე აფასებს ეკა ბესელია მმართველი პარტიის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის სცენაზე ასვლისა და სიტყვით გამოსვლის საშუალების არ მიცემას.
მისი თქმით, ხალხთან ევროპული ღირებულებების მქონე პრეზიდენტი იდგა, ხოლო სცენაზე ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში რუსული პოლიტიკის გატარებას ცდილობენ.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორი უკულტურო, არაქართული და არაევროპული იყო მმართველი პარტიის ქცევა. ის მაინც უნდა შეგეძლოს ხელისუფალი რომ ხარ, აჩვენო ევროპულ ოჯახს, რომლის წევრობის კანდიდატობა ასე გეზეიმება, რომ შენ შეგიძლია, პრეზიდენტს, როგორც არ უნდა გეჯავრებოდეს იგი, შესთავაზო, რომ ინსტიტუციურად, კონსტიტუციის პატივისცემის ნიშნად იდგეს გვერდით. როგორც პრეზიდენტმა თქვა ბევრი წლის წინ, ქაჯური იყო ეს ქცევა და როგორ ხალხთან ახლოს იდგა პრეზიდენტი და ეს იყო ძალიან სიმბოლური ხაზგასმა. ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ეს სტატუსი. ხალხთან იდგა პრეზიდენტი, სცენაზე და ბანერებთან იდგნენ ადამიანები, რომლებიც ეჩხუბებოდნენ ევროპას ამდენი ხნის განმავლობაში”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.