ეკა ბესელია – თუ ვინმეს ჩემი მანდატი ანერვიულებს, მინდა ვუთხრა, მანდატს ბოლომდე გამოვიყენებ, რომ სასამართლოს კლანი დამარცხდეს

region
ავტ.: region ოქტომბერი 7, 2019 15:06

ეკა ბესელია – თუ ვინმეს ჩემი მანდატი ანერვიულებს, მინდა ვუთხრა, მანდატს ბოლომდე გამოვიყენებ, რომ სასამართლოს კლანი დამარცხდეს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ დეპუტატის მანდატს სასამართლოს კლანის დამარცხების მიზნით ბოლომდე გამოიყენებს.

ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვების საკითხსა და დეპუტატის საკუთარ მანდატზე კომენტირებისას.

„საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა სურვილებს მოაყოლებს ამ გადაწყვეტილებას – ზარდიაშვილის პარლამენტიდან გადამალვას და გაშვებას. არ მაინტერესებს, რადგან თუ ვინმეს ჩემი მანდატი ანერვიულებს და ვიცი, რომ არიან ადამიანები, ვისაც ანერვიულებთ, მინდა მათ ვუთხრა, რომ განსხვავებით 2009 წლისა, როდესაც მანდატი საჯაროდ დავჭერი და პარლამენტში არ შევედი, ამ მანდატს ბოლომდე გამოვიყენებ, რომ სასამართლოს კლანი დამარცხდეს. მარტო ზარდიაშვილი კი არა, როგორც მათი ლაქია და დავალებების შემსრულებელი, არამედ ეს კლანი დამარცხდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ერთი წლის წინ უთხრა, რომ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა.

„2020 წლის არჩევნებში რომ არ ვაპირებდი მონაწილეობას ეს ერთი წლით ადრე ვუთხარი ბიძინა ივანიშვილს. 2020 წლის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, რომ ამ ქვეყანაში უკეთესობისკენ შეიცვალოს რეალობა და ჩემ დარჩენილ ძალას და ენერგიას მოვახმარ იმას, რომ ამ ქვეყანაში იყოს ადამიანებისთვის ცხოვრების უკეთესი გარემო. ჩემი რეაქცია, რაც მოხდა ბოლოს, იყო კრებსითი პასუხი ყველა უმსგავსობაზე, რასაც სჩადიოდა ეს ადამიანი. ყველა ქალის მაგივრადაც, ვისი შეურაცხყოფაც და გადათელვაც სცადეს ასეთმა არსებებმა, არ მინდა, ის სიტყვა გამოვიყენო, რისი ღირსიც არიან“, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, ის არ აპირებს დეპუტატის მანდატის დატოვებას.

„არათუ მანდატს დავტოვებ, არც კი გადავხედავ ამ საკითხს, რომ არ ვაპირებდი, იმასაც გავაკეთებ – ეს არის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა და ამ კლანის დამარცხება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ვანო ზარდიაშვილმა დღეს განაცხადა, საქართველოს პარლამენტისა და დეპუტატის მანდატს ტოვებს.

region
ავტ.: region ოქტომბერი 7, 2019 15:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics