ეკა ბესელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

region
ავტ.: region იანვარი 28, 2019 18:00

ეკა ბესელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს.

„ძალიან მოკლედ და გასაგებად ვწერ. ამ ეტაპზე შეფასებების გარეშე. ჩემი გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებიდან დაიწყო ახალი მიზანმიმართული, დაფინანსებული ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ სოციალური ქსელებით, მედიითა და აკრძალული მეთოდების გამოყენებით. ამ ყველაფერმა მიიღო კამპანიური დაგეგმილი ხასიათი. მე წლების განმავლობაში ბევრჯერ გადავიტანე სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ძალადობრივი და ცილისმწამებლური თავდასხმები. ბოლო პერიოდში ახალი ფორმების გამოყენებით ხდება ეს შეტევა ჩემს მიმართ. ბოლო ინფორმაცია, რაც მომაწოდეს გუშინ გვიან, სოცქსელით ჯგუფებში ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი.

ეს ჩანაწერი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა და გავრცელდა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში. ამ ფაქტზე რვა პირი გამოავლინა პროკურატურამ და დამნაშავედ იქნა ცნობილი. საქმე სააპელაციო სასამართლოში იყო ბოლოს.

მე ამ საქმის სასამართლოში გაგზავნას არ მივიჩნევდი სწორად, რათა მასალის გავრცელების საფრთხე არ დამდგარიყო. საპროცესო შეთანხმების გაფორმება ნიშნავს პირის დამნაშავედ ცნობას და საპატიმრო სასჯელის გამოყენებას, რაც ამ ვითარებაში სწორად მიმაჩნდა. მე თავად ვიყავი ავტორი იმ საკანონმდებლო ცვლილებების, რომლითაც წინა მოწვევის პარლამენტში გამკაცრდა დანაშაული პირადი და ოჯახური საიდუმლოებისა და კომუნიკაციის წესის დარღვევის. ეს იმიტომ, რომ ადამიანები დაგვეცვა მორალური ტერორისგან!!! ახლა რა ხდება? ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით? ამ კითხვებზე პასუხი მინდა უმოკლეს ვადაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ვის ხელში იყო ეს მასალა?

ვინც განახორციელა უკანონო ჩაწერა და სცადა ჩემზე მორალური ზეწოლა 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების წინ და არაფერი გამოუვიდათ, ვინც გადასცა გამოძიებას და ბოლოს სააპელაციო სასამართლოს ხელში…აღარ გავაგრძელებ!

ახლა კი მივმართავ საჯაროდ შალვა თადუმაძეს, გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურს, სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინეთ, ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან. ვითხოვ ყველა ფაქტზე რეაგირებას, დაწყებული აბაშიძის შეკვეთილი პოსტიდან, ბოლო ინფორმაციის ჩათვლით.
საჯაროდ გამოავლინეთ!!! მე მგონი, ყველას კარგად ესმის, რას ნიშნავს წითელი ხაზების გადაკვეთა“, – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

region
ავტ.: region იანვარი 28, 2019 18:00

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics