ეკა ბესელია – საპარლამენტო დელეგაციების საკითხი ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი იქნება

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო ცხოვრებაში საპარლამენტო დელეგაციების საკითხი ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი იქნება.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა პირადი შურისძიებით დაკომპლექტდა.

„ეს იმის დემონსტრირებაა, როგორ ხდება საპარლამენტო დემოკრატიის, კულტურისა და სტანდარტის ფეხქვეშ გათელვა. ეს იქნება კობახიძის თავმჯდომარეობის დროს ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი, რასაც სამწუხაროდ, სოფო ქაცარავა ეწირება და პასუხისმგებლობა თამარ ჩუგოშვილზე გადადის, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელზე, რომელიც პასუხისმგებელია, ასეთი დისკრიმინაციული და უხეში დარღვევები არ ხდებოდეს.

წარმოუდგენელია, ევროსაბჭოში დელეგაციაში დეპუტატი გყავდეს, რომელსაც იანვრამდე ვერ ცვლი და ეუბნები, იმისათვის, რომ სადეპუტატო უფლებამოსილება განახორციელო, ვალდებულებებს არ ავიღებ და შენი ხარჯებით იარეო. ასეთი რამ არ მსმენია და სამარცხვინოა. ეს არის პირადი სულმდაბალი ქცევა, რაც პარლამენტს აკნინებს, თორემ ეს საკითხი ჩემთვის სხვაგვარად არც იკითხება“, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტმა 10 საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაცია გუშინ განაახლა და ამ მიზნით დადგენილება მიიღო. ევროსაბჭოს შემადგენლობაში ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძეს უფლებამოსილების ვადა პირველ იანვრამდე ექნებათ, რის შემდეგაც მათ დელეგაციაში არჩილ თალაკვაძე და სოფო კილაძე ჩაანაცვლებენ.

დადგენილების მიხედვით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში წარდგენილი არიან თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, სოფო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, დავით ბაქრაძე. სათადარიგო შემადგენლობაში კი სოფო კილაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : მოველით, რომ პროკურატურა ამომწურავად უპასუხებს იმ კითხვებს, რომელიც ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით არსებობს
შემდეგი სტატიაგურჯაანში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დაიხურა