ეკა ბესელია სალომე სამადაშვილს – სააკაშვილს ჰკითხეთ, რატომ ჩამოიყვანეს საქართველოში ჩატაევი, ამის შემდეგ გაჰყევით ლაფანყურის სპეცოპერაციას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ახმედ ჩატაევთან დაკავშირებულ საკითხს კამათი მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ახმედ ჩატაევის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დასვა.

მან კომიტეტს შესთავაზა, რომ ასეთი კომისიის შექმნის საკითხზე ემსჯელათ და პარლამენტს გაერკვია, თუ ვინ და რატომ გაათავისუფლა ახმედ ჩატაევი ციხიდან.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პასუხების ნდობის ჯგუფის ფორმატში გაცემა საკმარისი არ არის და პრობლემა, რომელიც ჩატაევის გათავისუფლებას მოჰყვა, ნდობის ჯგუფში მოსმენით ვერ ამოიწურება.

სალომე სამადაშვილის განცხადებას ”ქართული ოცნების” დეპუტატების მხრიდან კამათი მოჰყვა. კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ სამადაშვილს მიმართა, რომ პასუხისმგებლობა პირველ რიგში იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის მოეკითხა, ვისაც თავად წარმოადგენს.

”პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს ჰკითხეთ, რატომ ჩამოიყვანეს უკრაინიდან საქართველოში ახმედ ჩატაევი და რატომ გაათავისუფლეს ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან 2010 წელს, ამის შემდეგ გაჰყევით ლაფანყურის სპეცოპერაციას”, – მიმართა ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილს.

ბესელიამ ოპოზიციონერ კოლეგას პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურების გათვალისიწინებისკენაც მოუწოდა და მიმართა, რომ თუკი რეგლამენტს არ დაიცავს, იძულებული იქნება სხდომა დაატოვებინოს.

banner
წინა სტატიაშისპორტული კლუბი „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯია“ ევროპის ჩემპიონი გახდა
შემდეგი სტატია,,დაზვერვის და კონტრდაზვერვის ფუნქციების შერწყმა გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს ორივე მიმართულებას”