ეკა ბესელია – სალომე სამადაშვილს აუცილებლად ვუჩივლებ

სალომე სამადაშვილს აუცილებლად ვუჩივლებ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამას აუცილებლად გავაკეთებ, რადგან ასეთ ფაქტებს რეაგირების გარეშე არ ვტოვებ. მე მას პასუხის ღირსად არ ვთლი და პასუხს სხვაგვარად, სამართლებრივი ფორმით გავცემ“, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ სალომე სამადაშვილმა კომიტეტი დატოვა, რადგან იურიდიულ კომიტეტში მისი ადგილი არ იყო.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეუსუსტდა თუ არა მას პოზიციები გუნდში, როგორც ეს სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ქალბატონი სამადაშვილი, თავისი კომიკური პერსონაჟით, მის პოზიციას ვერაფერს მოაკლებს და ვერც შეარყევს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, კომიკური არის ყველაზე კორექტული გამონათქვამი, რაც შეიძლება, სალომე სამადაშვილის მიმართ გამოიყენოს, განსაკუთრებით, იმ ფონზე, რა განცხადებებიც მან გუშინ, საჯაროდ გააკეთა და მათ შორის, ბესელიას თქმით, უკადრებელი იკადრა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ყველაზე ხელშეუხებელი თემა ოჯახის წევრებია და ის, რაც სალომე სამადაშვილმა იკადრა, ძალიან სამარცხვინოა.

„ამაზე კომენტარი გუშინ არ გამიკეთებია. ეს შეგნებულად შემოვინახე და მინდა, თქვენ ეთერში ბოდიში საჯაროდ მოვუხადო დედაჩემს, ქალბატონ გულიკოს, რომელსაც გული სრულიად დაუმსახურებლად ეტკინა. ჩემი პოლიტიკური აქტივობის გამო, ჩემს ოჯახს ეს ტკივილი ბევრჯერ მიადგა და ერთ-ერთი ეს შემთხვევაც არის“, – განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ გადაცემაში მისი დედის, გულიზარ ბესელიას პირადი მონაცემების შესახებ დოკუმენტები წარმოადგინა, სადაც როგორც თავად აღნიშნა, ჩანს, რომ მას პირადობის მოწმობა 2008 წელს აქვს აღებული, ბესელია მისი მეუღლის გვარია და ის დღესაც ბესელიაა, დაბადების გვარი კი, ორაგველიძეა და ბესელია დაქორწინების შემდეგ გახდა, როცა მეუღლის გვარზე გადავიდა.

დასასრულს, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ეს ძალიან უხერხული მომენტია და ამისთვის, დედას ბოდიშს კიდევ ერთხელ უხდის, მაგრამ არ სურს, ამ საკითხთან დაკავშირებით, რამე კითხვის ნიშანი დარჩეს.

„ეს არის ძალიან სამარცხვინო, რაც სამადაშვილმა იკადრა. ამიტომ, ამაზე ლაპარაკი უნდა დამთავრდეს და თუ ამაზე საუბარს ვინმე ისევ გაბედავს, მე აუცილებლად სამართლებრივად გავცემ პასუხს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.