ეკა ბესელია : სააკაშვილის და ივანიშვილის შედარებაზე თუ გველაპარაკებით, შუბლის ძარღვი სად გაქვთ?!

მაინტერესებს, მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შედარებაზე თუ გველაპარაკებით, შუბლის ძარღვი სადა გაქვთ?!, – აღნიშნული განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ეკა ბესელიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს მიმართა.

გაეროს კლიმატის ცვლილების პარიზის კონფერენციასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის განცხადების პროექტის განხილვისას, უმცირესობის წარმომადგენლებმა პროექტ “პანორამა – თბილისზე” გაამახვილეს ყურადღება და განაცხადეს, რომ პროექტი ძველ თბილსსა და ქალაქის ეკოლოგიას ანადგურებს. მათივე განცხადებით, “ერთი ადამიანის ახირების გამო”, 600 ძირი ჯანმრთელი ხის მოჭრის ნებართვა უკვე გაიცა. ამ კონტექსტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა კობა სუბელიანმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით ოპოზიცია სულ იმას ამბობდა, რომ პროექტები ერთი კაცის ახირებითა და ჭკუით კეთდებოდა და ამ მოსაზრებების გამო თბილისისათვის მნიშვნელოვანი პროექტები გაჩერდა. მისივე თქმით, ახლა “პანორამა – თბილისი”, რომელიც გაუმართლებელი პროექტია, სწორედ ერთი კაცის ახირებით კეთდება. ამასთან, უმცირესობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გზას იშენებს.
“ნაციონალური მოძრაობის” შეფასებებს ეკა ბესელიამ კრიტიკით უპასუხა.

“გვეკითხებიან, რას ვფიქრობთ იმ ერთ კაცზე, უკარინაში რომ არის და იქიდან სისხლიანი რევოლუციური სცენარის განხორციელებას გავალებთ, იმ ერთ კაცზე, რომელიც საკუთარ პიჯაკს ხალხის ნაძარცვი ფულით ყიდულობდა და რას ვფიქრობთ იმ ერთ კაცზე, რომელმაც ქვეყანას 2 მილიარდი დაახარჯა – მათ შორის ყველა იმ პროექტს, რომელსაც თქვენ იბრალებდით და ამბობდით, რომ თქვენი გაკეთებული იყო. ამ ორი ადამიანის შედარებაზე თუ გველაპარაკებით, მაინტერესებს შუბლის ძარღვი სად გაქვთ?! რომელი ადამიანი იყო, დევნილს პირიდან ლუკმას რომ აცლიდა და მისთვის განკუთვნილი ნივთი სახლში რომ მიჰქონდა. პირადი მზარეულებისთვის და პირადი სიამოვნებისთვის ხალხისთვის წაგლეჯილი ფული არის ის ერთი კაცი, რომელიც დღეს თქვენი ბელადია. თუ გაინტერესებთ რას აკეთებს ის მეორე ადამიანი, ამის დიდი ჩამონათვალია და გაეცანით. მათ შედარებას რომ აკეთებთ, საერთოდ არ ვიცი, რამდენად ღირს ასეთ პოლემიკაში ჩართვა”, – მიმართა ოპონენტებს ბესელიამ და აქვე აღნიშნა ისიც, რომ წინა ხელისუფლების დროს გაუბედურებული ადამიანების მხრიდან მის სახელზე უკვე 36 000 განცხადება შევიდა.
გარდა ამისა, ოპოზიციის პასუხად უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პროექტი “პანორამა – თბილისი” გამწვანების დიდ ნაწილს მოიცავს და დაგეგმილია 350 ხის მოჭრა, ხოლო 10 ათასი ხის დარგვა. მისივე თქმით, გზის მშენებლობის პროექტს “თბილისი პანორამასთან” კავშირი არა აქვს.
ვოლსკის ინფორმაციით, ორშაბათს თბილისის მერი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას და პროექტის დეტალებზე საუბარს გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდის გეგმა წლის ბოლომდე გახდება საჯარო
შემდეგი სტატიაკრემლმა ვერ გაიგო მუფტის იდეა ისრაელის და სირიის რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით