ეკა ბესელია – როდესაც დავით ჭაკუა წარმოადგენდა პენიტენციურ სისტემას, არაადამიანური, გაუსაძლისი პირობები იყო

პარლამენტის დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა უწყებას წარმოადგენდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაუსაძლისი პირობები იყო.

„იმ პერიოდში ვეწეოდი საადვოკატო საქმიანობას. ადამიანებს ვიცავდი, რომლებიც უსამართლოდ და უკანონოდ იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საშინელ, არაადამიანურ პირობებში, წამების ქვეშ. ეს იყო სისტემა, რომელიც იმ პერიოდში, როდესაც ეს ადამიანიც წარმოადგენდა პენიტენციურ სისტემას, იყო გაუსაძლისი, არაადამიანური პირობები. ეს ვიცი არა გადმოცემით, არამედ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როდესაც საპატიმროებში შევდიოდი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადიცია 3 ივლისს განხორციელდა.

დავით ჭაკუას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.

ამ საქმეზე დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და წამების ბრალი დაუმტკიცდა, საბოლოო სასჯელად კი, სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის მრჩევლის თქმით, არასრულწლოვნების კარანტინში განთავსების საკითხთან დაკავშირებით, დამატებით რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაბათუმში დედამ არასრულწლოვან ბავშვზე, სავარაუდოდ, ფიზიკურად იძალადა