ეკა ბესელია – „ქართული ოცნების“ ცვლილება ისე უნდა მოხდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი არ დაბრუნდეს

პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სერიოზულად ემზადებიან, უნდა შევძლოთ, დალაგდეს ისეთი ტიპის კოორდინაცია, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ცვლილების არჩევნები იყოს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ გიგი უგულავას ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბესელიას შეფასებით, უნდა შეიცვალოს დღეს არსებული არასწორი მართვის სტილი და ხელისუფლებაც, რომელიც ორ ვადას 2020 წლის არჩევნებისთვის ამოწურავს.

„ქართული ოცნების“ ცვლილება ისე უნდა მოხდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი და ხელისუფლება არ დაბრუნდეს. მიზანი მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება არ უნდა იყოს. მიზანი უნდა იყოს, არჩევნებში გამარჯვების გზით ქვეყანა უკეთეს ეტაპზე გადავიდეს და უკან დარჩეს ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც სააკაშვილმა შექმნა და მანკიერი ხელისუფლების მართვის მიუღებელი სტილი, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს. ახალი პოლიტიკური არჩევანი უნდა შეიქმნას და ამომრჩეველს ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს“, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის შეფასებით, კინკლაობასა და ერთმანეთთან საქმეების გარჩევაში დრო და ენერგია არ უნდა დაიკარგოს.

„უნდა ვკონცენტრირდეთ, რომ ისეთი გარემო შეიქმნას, რომელიც ამ ცვლილებებს შესაძლებელს გახდის. ამის შემდეგ ვისაუბროთ, ვინ ვისთან შეძლებს ამ კონფიგურაციის შექმნას კოალიციური მთავრობის პირობებში. ვფიქრობ, ჯერ ცოტა ადრეა ამაზე საუბარი. მე ახალი ძალების მოსვლის მომხრე ვარ, რომელმაც ახალი მთავრობა უნდა შექმნას, იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად რეალურად ცვლილებები განხორციელდეს“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ.

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაშავდა 2 ადამიანი
შემდეგი სტატიაომბუდსმენი: დისკრიმინაციაა, რომ ხანდაზმულ ადამიანებს სამოგზაურო დაზღვევაზე უარს ეუბნებიან