ეკა ბესელია პარლამენტში ფრაქციას ქმნის

ეკა ბესელია პარლამენტში ფრაქციას შექმნის – ამის შესახებ განცხადება, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა გააკეთა.

ბესელიას თქმით, პოტენციურ მოკავშირეებთან კონსულტაციებს დღეიდან იწყებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ახალი ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად მინიმუმ 6 წევრი სჭირდება.

„მე დღეიდან დავიწყებ კონსულტაციებს ყველა იმ ადამიანთან, ვინც შეიძლება იყოს მოაზრებული ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება პირველ ეტაპზე და ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და სამართლიანობის პროცესს. თემატურად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მათ შორის “სოციალ-დემოკრატებთანაც”, თემატურად. მე ვიცი, რომ ისინიც ფიქრობენ ამაზე, არ გამოვრიცხავ, რომ მალე მოხდეს ეს,“ – ამბობს ეკა ბესელია.

ეკა ბესელიას თქმით, საპარლამენტო უმცირესობა მას შემდეგ დაიშლება, რაც უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი გამოაკლდება.

„უმცირესობა დაიშლება ერთი დეპუტატი როგორც კი გამოვა უმრავლესობიდან, ის შექმნილ უმცირესობას ავტომატურად დაშლის, იმიტომ, რომ რაოდენობრივად იქნება თანაბარი უმცირესობაში მყოფი დეპუტატები და უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატები. ასე, რომ ახალი უმცირესობა როდის შეიქმნება არ ვიცით,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – რაც ნაკლებად შევეხებით „თიბისი ბანკს“ სპეკულაციებით, მით უკეთესი იქნება ბანკისა და ჩვენი ეკონომიკისთვის