7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

ეკა ბესელია: “ოცნების” სხდომაზე ივანიშვილის მონაწილეობას კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვება

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის ბოლო სხდომაში ბიძინა ივანიშვილის პირადად მონაწილეობა პარტიაში არსებულ რთულ შიდაკრიზისულ ვითარებაზე მიუთითებს. მისი ვარაუდით, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები წინასწარ იყო შეთანხმებული და შეხვედრის რეალურ მასშტაბებს მალავს.

„ეს არ იყო ის, რაც სხდომაზე ითქვა — კობახიძის მხრიდან ძალიან ნეიტრალური, შეთანხმებული ფრაზები გაჟღერდა. მისი საუბრიდან კარგად იკითხებოდა, რომ მხოლოდ ამისთვის არ ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი იმ შეხვედრას. რისთვისაც ესწრებოდა, ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება გადაწყვეტილებებში, რადგან შიდა რთული კრიზისული პრობლემები თუ იმ ხარისხის არ არის, მისი ჩარევა აუცილებელი არ იქნებოდა“, — აცხადებს ეკა ბესელია ტვ პირველის ინფორმაციით.

პოლიტიკოსის შეფასებით, კობახიძის მიერ გამოყენებული სიტყვა „წუხს“ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან კობახიძეს ღარიბაშვილის მიმართ ღია აგრესია და პერსონალური კონფლიქტი აქვს.

ბესელია ასევე ეხმიანება მამუკა მდინარაძის მიმართ არსებულ დამოკიდებულებას და აცხადებს, რომ ივანიშვილს მის მიმართ „ძალიან სერიოზული აგრესია“ აქვს. მისი თქმით, ამჟამად მოქმედებს „ბუმერანგის პრინციპი“ — მეთოდები, რომლებსაც მდინარაძე თავის დროზე პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდა, ახლა თავად მის წინააღმდეგ ბრუნდება. გარდა ამისა, ყოფილი დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს პოლიტსაბჭოში ზურა პატარიძის შეყვანის ფაქტზეც და მას საინტერესო დეტალად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილს გული სტკივა და წუხს გუნდის ყოფილი წევრების, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილისა და მამუკა მდინარაძის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი საფრანგეთზე: რასაც ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
შემდეგი სტატიატრამპი: მიგრაციამ ოდესღაც დიდებული საფრანგეთი დაანგრია, ჩაკეტეთ საზღვრები!