ეკა ბესელია – ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე მთავრობასა და პარლამენტში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს

ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტში ინიცირებული ცვლილებები არის საკმაოდ კომპლექსური და ფართო ტიპის რეფორმა, რომელიც მთლიანად ცვლის დღეს არსებულ მიდგომებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებებით შეთავაზებულია დეკრიმინალიზაცია ყველა ტიპის ნარკოტიკის მოხმარებისთვის. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, არსებული პროექტის მიმართ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში.

„ცალკეულ სამინისტროებს, რომლებთან ერთადაც ხდება ამ საკითხის განხილვა, აქვს განსხვავებული ხედვა, მათ შორის, ეს ეხება როგორც ნარკოტიკების ოდენობას, ასევე ფორმულირებებსა და დეკრიმინალიზაციის ნაწილს.

ამ სამუშაო ფორმატში ვცდილობთ, პრინციპების დონეზე დავინახოთ, სად არის თანხმობა და სად შეიძლება იყოს კორექტირებული ვერსია.

რა თქმა უნდა, პროექტში იქნება შესატანი ცვლილებები, სხვაგვარად, ალბათ, კომპრომისის მიღწევა რთული იქნება. არის საკითხები, სადაც არის თანხმობა, ეს ეხება მიდგომას, რომ მომხმარებლის მიმართ იყოს უფრო ჰუმანური მიდგომა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობს.

კანონპროექტის ჯანდაცვის კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოამზადა.

ცვლილებების მიხედვით, გაუქმდება ნარკოდანაშაულის შესახებ კანონის ის ნაწილი, რომელიც ეხება ნარკომომხმარებლებისთვის შრომითი უფლებების გაუქმებასა და მართვის მოწმობის ჩამორთმევას.

პროექტის ინიციატორების თქმით, საკომიტეტო განხილვები 1-ელ დეკემბრამდე უნდა დაიწყოს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი დაშავდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – უკრაინაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სასტიკად ნაცემები არიან