ეკა ბესელია : ნარკოპოლიტიკის რეფორმირებას მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილება არ ეყოფა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, რიგ უწყებებს ნარკოტიკების ოდენობებთან, ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხსა და რეალიზაციასთან დაკავშირებული დეფინიციის ცვლილებასთან მიმართებით საწინააღმდეგო პოზიციები აქვთ.

მისივე თქმით, კონსენსუსის მისაღწევად გარკვეული კომპრომისების ძიება იქნება საჭირო.

„მე ამ პროცესს ვუყურებ ძალიან კომპლექსურად. ეს არ არის რეფორმა, რომელსაც მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილება ეყოფა. ეს არის რეფორმა, რომელსაც სჭირდება ძალიან კომპლექსური გააზრება. ერთი მხრივ, საკანონმდებლო, მეორე მხრივ – საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა რესურსების მომზადებით, ფინანსური რესურსების მობილიზებით და რა თქმა უნდა, ყველა უწყების ჩართვით, რათა რეფორმის შედეგი რაც არის, იყოს მიღწეული. მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში გვყავდეს რაც შეიძლება ცოტა და იდეალურ შემთხვევაში, არც ერთი ნარკომანიით დაავადებული ადამიანი და შევამციროთ ზიანი საზოგადოებაზე, შევამციროთ ამ ადამიანების რიცხვი იმით, რომ ვუმკურნალოთ მათ და დაიხარჯოს მეტი რესურსი, რათა ადამიანებს არ ჰქონდეთ მიდრეკილება ნარკოტიკებისადმი. რეპრესიულ პოლიტიკაზე უარი ჩვენ 2013 წელს ვთქვით. ჩვენ საკანონმდებლო განხილვებს ვამზადებთ, სამუშაო პროცესი დაწყებულია, მაგრამ საჭიროა ყველა უწყების კომპლექსური ჩართვა. არის რამდენიმე საკითხი, რომლებზეც უწყებებს აქვთ საწინააღმდეგო პოზიცია. ეს ეხება ოდენობებს, ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხს, რეალიზაციასთან დაკავშირებული დეფინიციის ცვლილებას და საზღვარზე შემოტანის საკითხების სამართლებრივ რეგულირებას. აქ იქნება საჭირო გარკვეული კომპრომისების ძიება, რათა პოზიციები დაახლოვდეს“, – განაცხადა ბესელიამ, რომელიც კონფერენციას „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“ ესწრება.

banner
წინა სტატიაშიბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიამეგის ქარდავა ნაცემია, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – ადვოკატი