ეკა ბესელია მრავალგზის დისკრედიტებული პოლიტიკოსია ქართული საზოგადოების თვალში

ეკა ბესელია მრავალგზის დისკრედიტებული პოლიტიკოსია ქართული საზოგადოების თვალში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა დამოუკიდებელი დეპუტატების, ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძისა და გედევან ფოფხაძის მიერ ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეკა ბესელიას საქართველოში პოლიტიკოსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნეგატიური რეიტინგი აქვს.

„ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი უკანასკნელი გამოკითხვის შედეგები, ეკა ბესელიას საქართველოში პოლიტიკოსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნეგატიური რეიტინგი აქვს. შესაბამისად, მის პოლიტიკურ მომავალს პოზიტიურად ვერ ვხედავ. მან არაერთხელ აჩვენა საზოგადოებას, რომ ის რეალურად იბრძვის რაიმე პრინციპებისთვის. ვფიქრობ, მან მმართველი უმრავლესობაც პირადი უკმაყოფილების შედეგად დატოვა და არა კონკრეტულად პრინციპული საკითხების გამო. რაიმე პოლიტიკურ ძალას პერსპექტივა აქვს თუ არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ამას ამომრჩეველი და ხალხი წყვეტს. ამომრჩევლის სახელით ვერ ვისაუბრებ. შემიძლია, მხოლოდ პირადი შეფასება გავაკეთო, რომ ქალბატონი ბესელია მრავალგზის დისკრედიტებული პოლიტიკოსია ქართული საზოგადოების თვალში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და გედევან ფოფხაძემ ახალი პარტია „სამართლიანობისთვის“ შექმნეს. პარტია 20 ივნისს დაფუძნდება.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებში რჩება ზეწოლის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფორმები
შემდეგი სტატიაგორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა