ეკა ბესელია – მოსახლეობას არ აქვს განცდა, რომ ჰყავს ანგარიშვალდებული მთავრობა

მმართველობითი კრიზისის გამოხატულებაა, რომ ერთ დღეს მსჯელობენ მხოლოდ პრემიერის შეცვლაზე და იმავე დღეს არ იცის უმრავლესობამ მთავრობაში რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის”​ ლიდერმა, ეკა ბესელიამ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მოსახლეობას განცდა არ აქვს, რომ მას ჰყავს ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლობის მატარებელი მთავრობა.

„ამ ყველაფერში მე ვხედავ მმართველობითი სისტემის კრიზისს. გადაწყვეტილებები, რომელიც ასე ხშირად მიიღება მთავრობის მეთაურის ცვლილებასთან დაკავშირებით, ეს მეტყველებს არასტაბილურობაზე და იმ საპროგრამო გეგმის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე, რასაც პარლამენტი ამტკიცებს სამთავრობო გუნდთან ერთად. მმართველობითი კრიზისის გამოხატულებაა ისიც, რომ ერთ დღეს მსჯელობენ მხოლოდ პრემიერის შეცვლაზე და იმავე დღეს არ იცის უმრავლესობამ მთავრობაში რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს. ამით იკითხება, რომ ვერ შედგა სისტემა, რომელმაც უნდა მართოს საიმედოდ და მყარად ქვეყანა და მოსახლეობას განცდა არ აქვს, რომ მას ჰყავს ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლობის მატარებელი მთავრობა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან ეკა ბესელია თვლის, რომ ცვლილებები მმართველი პარტიის ძალაუფლების გაძლიერების ან შენარჩუნებისთვის არის მიმართული.

„ეს ცვლილებები პირდაპირ მიმართულია დღეს მმართველი პარტიის ძალაუფლების გაძლიერების ან შენარჩუნებისთვის. გაძლიერება რამდენად გამოუვათ ცალკე საკითხია და შორს ვარ ამ აზრისგან. ეს არ არის ის გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყანას სჭირდება, იმ უკეთესი რეალობის შესაქმნელად, რაც აუცილებელია. დღეს არის უმძიმესი რეალობა, ამიტომ მოსალოდნელი ცვლილებები, მაინც ეხმიანება იმ რთული პოლიტიკური კრიზისიდან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას, რომელშიც იმყოფება მმართველი პარტია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ პრემიერის პოსტზე არჩევანი გიორგი გახარიაზე შეჩერდება.

banner
წინა სტატიაშიქართული მხარე ერგნეთის შეხვედრაზე მტკიცებულებად დრონს წარადგენს
შემდეგი სტატიაირაკლი ანთაძე – ჩორჩანაში სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოშლის საკითხი არ განიხილება