ეკა ბესელია – „მაუწყებლობის კანონში“ ცვლილებები არც ერთ საერთაშორისო პრინციპს არ ეწინააღმდეგება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მომზადების პროცესი ერთი წელი მიმდინარეობდა და ვერავინ იტყვის, რომ კონსულტაციებში ჩართვის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

ჟურნალისტებთან საუბარში ბესელია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობას” თავისი წარმომადგენელი ჰყავდა, რომლის მხრიდანაც მოსაზრებები სამუშაო ჯგუფის მუშაობის დასრულების შემდეგ მიიღეს.

“სამუშაო ჯგუფს რაიმე მოსაზრება, იდეა არ მიუღია. მოგვიანებით, როცა პროცესი დასრულდა, მათგან იდეა მხოლოდ ერთხელ მივიღეთ, რომლის განხილვაც მოხდა. შემდეგ ამ პროცესში ევროპის მაუწყებელთა კავშირი ჩაერთო, რომელთა დასკვნა მხარდამჭერი და უაღრესად კარგია. ბევრი შეხვედრის შემდეგ საკითხების კორექტირება მოხდა და რაც ახლა მეორე მოსმენით მხარდაჭერილია, ამას ევროპის მაუწყებელთა კავშირი პირდაპირ ეთანხმება. ეს სტანდარტები წინააღმდეგობაში არც ერთ საერთაშორისო პრინციპთან არ მოდის. უნდა ვისაუბროთ არგუმენტებით და არა სურვილებით. თქვან, კონკრეტულად რომელ საერთაშორისო პრინციპს არ ეთანხმებიან და ფიქრობენ, რომ წინააღმდეგობრივია მაშინ, როცა საერთაშორისო დასკვნა გვაქვს, სადაც ნათლად წერია, რომ ყველა პრინციპი იმ ქვეყნების სტანდარტებს შეესაბამება, რომელთაც კარგი საერთაშორისო პრაქტიკა აქვთ”, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატი ოპონენტების იმ შეფასებებსაც გამოეხმაურა, რომელიც სტარტაპების და კომერციული რეკლამის საკითხს ეხება.

“ევროპის მაუწყებელთა კავშირი ამბობს, რომ მაუწყებლებს რეკლამის უფლება უნდა ჰქონდეთ, რადგან ასეთი პრაქტიკა ყველა იმ ქვეყანაშია, რომელსაც ანალოგიური სტანდარტები აქვთ. მაუწყებლებისთვის კომერციული რეკლამის თემა პირველად არ შემოდის. მას ასევე აქვს სოციალური რეკლამის ვალდებულებაც. მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამიდან შემოსული თანხა დაახლოებით ორ მილიონამდე შეიძლება იყოს და ეს ციფრი მთლიან სარეკლამო ბაზარზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. ეს შესაძლებლობა მაუწყებელს გარკვეული დათქმებით დღესაც აქვს და ევროპის მაუწყებელთა კავშირი ამბობს, რომ მაუწყებელს კომერციული რეკლამის უფლება არ უნდა აეკრძალოს”, – აღნიშნა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატია“ენგურჰესის” ფინანსური დირექტორი – ხარჯებიდან გამომდინარე, “ენგურჰესის” ელექტროენერგიის წარმოება რაღაც ერთეულით უნდა გაიზარდოს, რაც სამომხმარებლო ტარიფს არ უნდა დაეტყოს