ეკა ბესელია-ირაკლი კობახიძეს ვურჩევ, კონფრონტაციული ტონით ნუ ისაუბრებს, რადგან პროცესი ისედაც დაძაბულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, კონფრონტაციული ტონით ნუ ისაუბრებს, რადგან პროცესი ისედაც დაძაბულია. ეკა ბესელია კობახიძის განცხადებას ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა და მის პოზიციას გაუგებარი უწოდა.

ბესელიას თქმით, ნებართვა, დასტური, მიწვევა და ლიცენზია არ სჭირდება იმ სამუშაო ჯგუფზე, რომელიც 2017 წელს თავად შექმნა.

„ვის აქვს უფლება, რომ სამუშაო ჯგუფში ყოფნა ამიკრძალოს? სამუშაო ჯგუფი ჩემი შექმნილია და საავტორო უფლების დაპატენტება არ მჭირდება. ყველას ვურჩევ, ნუ გადაწყვეტს, ვინმეს აქვს ის მანდატი, რომ სამუშაო ფორმატში მონაწილეობა ამიკრძალოს ან რომელიმე სამუშაო ფორმატში მონაწილეობა შემიზღუდოს. ამაზე არავის თანხმობა არ მჭირდება. რომელ ჯგუფშიც გადავწყვეტ, რომ ჩართული უნდა ვიყო, ყველა ჯგუფში ვიქნები, არავის დასტური არ მჭირდება. ეს ჯგუფი 2017 მე შევქმენი და კარგია, რომ ირაკლი კობახიძეს მოსწონს. სხვა ფორმატსაც შევქმნით, სადაც ჩვენი კოლეგები იქნებიან წარმოდგენილი, რადგან ეს ცვლილებები საბოლოოდ უნდა მიიღოს არა სამუშაო ჯგუფმა, არამედ პარლამენტმა.

ირაკლი კობახიძეს ვურჩევ, კონფრონტაციული ტონით ნუ ისაუბრებს, რადგან პროცესი ისედაც დაძაბულია. არ ვიცი, კონსულტაციები ვისთან უნდა გამართოს, მაგრამ არავის მიწვევა არ მჭირდება. ეს საკითხი ვინმეს ექსკლუზივი არ არის, საერთო საჯარო სახელმწიფოებრივი ინტერესია. ეს არის ჩემი პასუხი გაუგებარ განცხადებაზე, რაც მოვისმინეთ. ჩემი ჩამოშორება რომელიმე პროცესიდან წარმოუდგენელია, თავად ვწყვეტ, რომელიმე თანამდებობაზე ყოფნა მინდა თუ არა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იქნება თუ არა ეკა ბესელია სამუშაო ჯგუფში, რომელიც მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე იმსჯელებს, კონსულტაციებით გადაწყდება.

banner
წინა სტატიაშითებერვალში გრიპის მცირე პიკს ვვარაუდობთ – სერგეენკო
შემდეგი სტატიაფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” სავარაუდოდ, დაიშლება