ეკა ბესელია – ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელ დეპუტატებთან ურთიერთობის მძიმე მემკვიდრეობა დატოვა

დამოუკიდებელი დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, შეხვედრაზე განხილვის თემა საარჩევნო ცვლილებები იყო.

ბესელიას თქმით, ისინი სამუშაო ჯგუფში ჩაერთვებიან და ამ ფორმატში მსჯელობა უნდა გაგრძელდეს გაუნაწილებელ მანდატებზე, პარტიების დაფინანსებისა და სარეკლამო დროის საკითხზე.

„შეხვედრა საქმიანი იყო. კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რასაც ცვლილებები „საარჩევნო კოდექსშიც“ უნდა მოჰყვეს. მაჟორიტარული სისტემის გაუქმება „საარჩევნო კოდექსში“ ბევრ ცვლილებას იწვევს. ეს არ უნდა შეეხოს მხოლოდ პროპორციული სისტემაზე გადასვლას, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და მხარს ვუჭერთ. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს დავუჭერთ, რომ რამემ არ შეაფერხოს და რამე ისეთი მიზეზი არ
აღმოჩნდეს, რომლის გამოც შეიძლება, შეიცვალოს წინადადება, რაზეც მმართველი პარტია ამბობს, რომ მზად არის ცვლილებებისთვის“, – განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, დეპუტატი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში განსხვავებული პოზიციის მქონე დეპუტატებისთვის გაცილებით უკეთესი სამუშაო გარემო იქნება.

„მზად ვართ, სამუშაო ფორმატში ჩავერთოთ, რომელსაც არჩილ თალაკვაძე გაუძღვება. მძიმე მემკვიდრეობა, რაც ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებთან ურთიერთობის თვალსაზრისით დატოვა, დარწმუნებული ვარ, ახალი თავმჯდომარე ცუდ ისტორიას შეცვლის და პარლამენტში გაცილებით უფრო სამუშაო გარემო იქნება, მათ შორის განსხვავებულად მოაზროვნე და პოზიციის მქონე დეპუტატებისთვის”, – განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიდაგუგლეთ ამოაგდეთ მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში, ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი… ეს ბალეტი არ არის – ქანთარია
შემდეგი სტატიაკალაძე ჟურნალისტს: თქვენ გჯერათ, რომ გიორგი გახარია ეუბნებოდა, რომ თვალებში და თავში ესროლათ?