29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ეკა ბესელია: გორში პოლიციელების ქმედება პირდაპირ წამების შემადგენლობას შეიცავს

„მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი და იურისტი ეკა ბესელია გორში, პოლიციელების მხრიდან ორ მოქალაქეზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ეხმიანება. ბესელიას განცხადებით, გავრცელებული კადრები სცილდება უბრალო უფლებამოსილების გადამეტების ჩარჩოებს და ის პირდაპირ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს შეიცავს, რასაც კანონმდებლობით ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია.

ბესელია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არის უმძიმესი კატეგორიის დანაშაული, რომელზეც რეაგირება უმკაცრესი უნდა იყოს:

„სხვა რამეა უფლებამოსილების გადამეტება, ეს იყო პირდაპირ ჯგუფური, ძალადობრივი ისეთი ტიპის ქმედება, რომელიც შეიცავს თავისი ფორმით და შინაარსით წამების და არაადამიანური მოპყრობის შემადგენლობას. ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული ძალადობრივ ქმედებებს შორის, მკვლელობის შემდეგ და, სხვათა შორის, კიდევ უფრო მძიმე იმ კუთხით, რომ თუ მკვლელობის დანაშაულებს აქვს ხანდაზმულობა, წამების დანაშაულს ხანდაზმულობა არ აქვს“, — აცხადებს ეკა ბესელია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების დროს ადგილზე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კადრებში სამართალდამცავების სავარაუდო დანაშაული ჩანს, ცოტა ხნის წინ პოლიციის განყოფილებაში ხელბორკილები თავად დაზარალებულს, 29 წლის პაპუნა ლოცულაშვილს დაადეს, რასაც უფლებადამცველები საქმის მიზანმიმართულ გაყალბებად აფასებენ.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს უმაღლესი ჯილდო, “რესპუბლიკის ორდენი” გადასცა
შემდეგი სტატია“სანქციების შემსუბუქება არ მოხდება” — ტრამპის ულტიმატუმი ირანს