ეკა ბესელია – გენერალური პროკურორის არჩევის ფორმალურ პროცესს არ დავესწრები

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, არ დაესწრება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომას, რომელზეც გენერალური პროკურორობის კანდიდატ, ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ.

როგორც ბესელიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, არც პლენარულ სხდომაზე არჩევის პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

ბესელია მიიჩნევს, რომ გენერალური პროკურორის არჩევის პროცესი მმართველმა პარტიამ დააზიანა და ის ფორმალური გახდა.

„იურიდიული კომიტეტი სწორედ იმიტომ დავტოვე, რომ ამ კომიტეტში დარჩენის რაიმე აზრი ვერ დავინახე. არ ვესწრები სხდომას და არც პლენარულ სხდომაზე არ დავესწრები არჩევის პროცესს. მგონია, რომ ეს პროცესი დააზიანა მმართველმა პარტიამ. პირველ რიგში იმით, რომ კონკურსის დასრულებამდე წინასწარ კეთდებოდა პროგნოზი ღია მხარდაჭერის, რამაც პროცესის მიმართ უნდობლობა გააჩინა. არ ვმალავ, რომ ამ პროცესს გულისტკივილით ვუყურებ. საუკეთესო შანსი იყო, რეფორმების შედეგად პროკურატურა დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი გვეხილა. განცდა მაქვს, რომ რეფორმის პროცესში უკუსვლა ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ რეფორმის დიდი გულშემატკივარი ვიყავი, ჩემს დამოკიდებულებას გულისტკივილით გამოვხატავ. არჩევის პროცესი იმდენად ნეგატიურ ტალღაზე გადავიდა, რომ მგონი, მოულოდნელი არაფერი აღარ არის. დარჩენილია, მხოლოდ ფორმალური პროცესი“ ,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

banner
წინა სტატიაშიაქტივისტებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ბოტასები მიამაგრეს
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძის სახელი ასოცირდება სამართლიანობის აღდგენასთან