„მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა და ადვოკატმა, ეკა ბესელიამ რუსთავის ქალთა ციხეში პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მოინახულა. შეხვედრის შემდეგ ბესელიამ განაცხადა, რომ პატიმარი ქალი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა — ის ხელჯოხით გადაადგილდება და ძლიერი ტკივილები აწუხებს. ხოშტარია მკურნალობის პროცესში მისი პირადი, ნდობით აღჭურვილი ექიმის, ანი ქავთარაძის ჩართვას ითხოვს. ადვოკატის თქმით, ციხის ადმინისტრაციამ თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა, პარალელურად კი დასძინა, რომ არსებობს არაერთი სამართლებრივი ბერკეტი ხოშტარიას სასჯელისგან გასათავისუფლებლად, თუმცა თავად პოლიტიკოსი ამას არ ითხოვს.
ეკა ბესელიამ TV პირველის ეთერში დეტალურად ისაუბრა ელენე ხოშტარიასთან შეხვედრასა და იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ციხის ადმინისტრაცია პატიმრის მკურნალობისთვის გეგმავს.
ადვოკატის თქმით, პოლიტიკოსის ფიზიკური მდგომარეობა საგრძნობლად არის შეცვლილი:
„ელენე ბოლოს რომ ვნახე, არც ხელჯოხით გადაადგილდებოდა, არ უჭირდა სიარული… ახლა ხელჯოხი სჭირდება და იხრება ამ ტკივილის გამო. საერთოდ იცით, როგორი ამტანია. ვიზუალურად ცდილობდა არ შეემჩნია ტკივილები, მაგრამ ფაქტია, რომ აწუხებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა“.
ელენე ხოშტარიას მთავარი მოთხოვნა მკურნალობის პროცესში ნდობით აღჭურვილი მედიკოსის, ანი ქავთარაძის ჩართვაა.














