„მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი ეკა ბესელია აცხადებს, რომ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის საქმე პირდაპირ უკავშირდება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან გამოძიება ჩუბინიძემდე სწორედ ღარიბაშვილის წერილის შემდეგ მივიდა.
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ სტუმრობისას ბესელიამ აღნიშნა, რომ ჟურნალისტისთვის წაყენებული ბრალდებისას მთავარი განზრახვის დამტკიცებაა და პარალელი 2010-2011 წლებში ფოტოკორესპონდენტების გახმაურებულ საქმესთან გავლო:
„როდესაც ჟურნალისტს ედავები, რომ მან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, უნდა დაუმტკიცო არა ის, რომ სტატია ცრუ იყო ან ფაქტები არ დასტურდება, არამედ უნდა დაუმტკიცო, რომ სტატია მიზნად ისახავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას. განზრახვა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ დანაშაულის. ეს საქმე და კითხვები, რაც ჩნდება, უკავშირდება ღარიბაშვილს, რადგან მისი ნათქვამით მივიდნენ დიტო ჩუბინიძემდე. თუ გინდა მაჩვენო, რომ ეს არ არის მიკერძოებული პოლიტიკური დაკვეთა, მაშინ ისიც გამოიძიე, რაზეც ღარიბაშვილი საუბრობდა“, — განაცხადა ეკა ბესელიამ.


















