ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა ორი ფრაქცია შექმნან

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა ორი ფრაქცია შექმნან. როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ახალი პლატფორმის შექმნისთვის საჭიროა ფრაქციის შექმნა, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში ყველა შესაძლებლობის გამოყენების კარგი მექანიზმია.

„ფრაქცია ამ პროცესებში აქტიურ ჩართვას გააადვილებს, ეს იქნება კომიტეტები თუ საპარლამენტო ტრიბუნა. ფრაქციას ვუყურებთ, როგორც არა მიზანს, არამედ როგორც საშუალებას. რამდენიმე ადამიანი მზად არის, რომ ჩვენთან ერთად იყოს. საჭიროა კონსულტაციების გაგრძელება. უმრავლესობას კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს, ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია ლაგდება და იცვლება როგორც ფრაქციების, ასევე უმრავლესობა-უმცირესობის შემადგენლობა. მოგვიწევს ახალ პოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენი ადგილი ვიპოვოთ. შეიძლება, მოგვიანებით არა ერთი, არამედ ორი ფრაქცია გაკეთდეს, როცა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსს სხვა დეპუტატები შემოუერთდებიან. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, უმცირესობა ახალი შემადგენლობით გადავაწყო და ფრაქციების გადალაგება მოხდეს. შესაძლებლობად მიგვაჩნია, რომ ძალიან მალე კონსულტაციები წარმატებით დავასრულოთ მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ხელშეშლა იქნება. ჩვენი მიზანია, სამართლიანობა გარანტირებული იყოს ყველასთვის. პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერა უნდა გავაერთიანოთ.

ყველაფერი ახლა იწყება და თან საინტერესო. სხვა კოლეგებს ველოდებით, დაველოდოთ. კონსულტაციები მაქვს იმ ადამიანებთან, ვინც არიან “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის ხელმომწერები. დაველოდოთ, უმრავლესობას კიდევ ვინ დატოვებს. იოლი არ იყო, მკაცრი მითითებების მიუხედავად ხმა ამ ინიციატივისთვის მიეცათ. ეს შეუქცევადი პროცესია, შეიძლება ხელოვნურად გაჩერდეს, მაგრამ შეუქცევადია. ვინც ინიციატივას ხმა მისცა, ამ იდეებთან ახლოს არის და დროის საკითხია, ეს ადამიანები როდის გადადგამენ უმრავლესობიდან წამოსვლის ნაბიჯს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, “ევროპული საქართველო” თავის ფესვებთან გაერთიანდეს, ჩავთვლი, რომ ესეც ჩვენი გამარჯვებაა. ეს კონფიგურაციაც დროებითია, რადგან ახალი პოლიტიკური უმცირესობის დალაგება შესაძლებელია და ეს წელს მაინც მოხდება”, – განაცხადა ბესელიამ.

ბესელია აღნიშნავს, რომ მას ნდობის ჯგუფიც დატოვება მოუწევს.

„ბუნებრივია, ნდობის ჯგუფის შემადგენლობა შეიცვლება. აქ უმრავლესობის მიერ ვიყავი წარდგენილი, ახლა სხვა იქნება, მაგრამ როგორც კი დასრულდება სურათის დალაგება და კონფიგურაცია შეიცვლება, კვოტების ხელახალი გადანაწილება მოხდება. რაც შეეხება იურიდიულ კომიტეტს, დატოვება მომიწევს, მაგრამ დავბრუნდები სხვა კვოტით. შეიძლება, დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით დავბრუნდე”, – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო გამოძიებას მიმართავს, გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მასალები გასაჯაროვდეს
შემდეგი სტატიაამ სხდომის ჩაშლით უმრავლესობა დაფიქსირდა როგორც პოლიტიკური მხარე – ოპოზიცია კომიტეტის ჩაშლილ სხდომას ეხმაურება