ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილზე: ის ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს ან დაასაბუთოს ფაქტები

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თბილისის საკრებულოს წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებებს პასუხობს.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ელისაშვილმა მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით პროკურატურას კონკრეტული ფაქტები უნდა წარუდგინოს.
,,წინასაარჩევნო პერიოდი ზოგიერთი პარტიისთვის როგორც ჩანს, უკვე დაიწყო. მაქვს მოლოდინი, რომ კიდევ უფრო გამძაფრდება ცილისწამებები და ბრალდებები. მიმაჩნია, რომ ის რაც ახლა ხდება, ვგულისხმობ ელისაშვილის განცხადებებს, ის ან წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, ან სხვა მოტივაცია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ელისაშვილს აკისრია ვალდებულება, წარადგინოს კონკრეტული ფაქტები პროკურატურის წინაშე. გაუგებარია წელწადნახევარი რატომ სდუმდა ეს ადამიანი. მას ჩვენება მიცემული აქვს და ის ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს ან დაასაბუთოს ფაქტები.
მან უნდა დაასახელოს ერთი ადამიანის გვარი მაინც, რომელიც ანგარების საფუძველზე მოხვდა ამ სიაში. შესაძლოა, ელისაშვილს ჰქონდეს ნეგატიური დამოკიდებულება ამ სიაში მოხვედრილი ადამიანების მიმართ, მაგრამ ეს მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. როცა ელისაშვილი ასეთ განცხადებებს აკეთებს, ის შეურაცხყოფას აყენებს მთელ კომისიას.
თუ ვინმე რაიმე ტიპის კორუფციაში იყო გარეული და ანგარების მოტივით იყო ჩართული ამ საქმეში, გამოვარკვიოთ და გამოვააშაკარავოთ და აუცილებლად პასუხს აგებს ნებისმიერი ადამიანი. მაგარამ მანაც უნდა აგოს პასუხი ვინც ასეთ ცილისწამებლურ განცხადებებს აკეთებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
გუშინ პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი პირველი რიგის ამოცანაა, “დაისაჯონ ის ბინძური პოლიტიკოსები, რომლებიც პატიმრების გათავისუფლებით ცდილობდა ფული ეშოვა”.
შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მის “მეორე ამოცანას” გულგრილობის ფაქტზე ბადაშვილისა და გოგაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ მაჭავარიანი: როდესაც ზოგიერთ კოლეგას არგუმენტი აღარ ჰყოფნის, მუშტებზე გადადის
შემდეგი სტატიაკახა კალაძე სომხეთისთვის ირანიდან გაზის მიწოდების საკითხს უარყოფითად აფასებს