ეკა ბესელია: ალეკო ელისაშვილი თუ ვინმე სხვა იქნება იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა აგონ პასუხი ცრუ ბრალდებებისთვის

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

ალეკო ელისაშვილი თუ ვინმე სხვა, იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აგონ პასუხი საკუთარი განზრახ ცრუ ბრალდებებისთვის, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.
ბესელია გამოეხმაურა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის შვილის სახელით მიმოწერას შეეხება.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, დღეს მალევე დადასტურდა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომ ის არის სიცრუე.
“მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს უკავშირდება. ისინი ქმნიან ყალბ ჯგუფებს. მათ შორის, ჩემი სახელითაც მინიმუმ 30 გვერდია შექმნილი სოციალურ ქსელში. ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება არღვევს ეთიკურ სტანდარტებს. ამაში ბრალს ვდებ “ნაციონალურ მოძრაობას” და იმ ჯგუფებს, რომლებიც მათთნ ერთად არიან”, – განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ დაიწყო სამართლებრივი დავა.
“იმდენ განცხადებას გავაკეთებ სასამართლოში, რამდენი ცილისწამებაც იქნება. ამით არ დავიღლები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ და აღნიშნა, რომ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მხოლოდ სამოქალაქო დავას არ აპირებს.
მისი თქმით, დაელოდება პროკურატურის შედეგს, რის შემდეგაც ალეკო ელისაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.
“ელისაშვილი თუ ვინმე სხვა, იქნება იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა აგონ პასუხი საკუთარი განზრახ ცრუ ბრალდებებისთვის. დაველოდები პროკურატურის დასკვნას და შესაბამის პროცესს გავაგრძელებ. საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, რომლის მონაწილეა ელისაშვილი და შესაძლოა სხვებიც იყვნენ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, საზოგადოების დიდმა ჯგუფმა დაინახა, რომ “ელისაშვილი ერთ-ერთი პროფესიონალი მატყუარა და ცრუ პოლიტიკოსია”.
“მე მასთან მექნება თხოვნა, რომ იმ სულელურ და ცრუ განცხადებებს, რომელსაც აკეთებს, დაურთოს კონკრეტული ფაქტები და ამაზე ისაუბროს. ამ ადამიანს დღემდე არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ დაუსახელებია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ და უარყო ალეკო ელისაშვილის ის განცხადება, რომლის მიხედვით მას, ე. წ. შეწყალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ინტენსიურად აწვდის.
“ვაიძულოთ პოლიტიკოსები საკუთარი შეფასებების დროს კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრონ. ელისაშვილი არის ჩამოყალიბებული ფლიდი, რომელიც განზრახ აკეთებს ამ ყველაფერს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიზვავსაშიშროების გამო რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიამარინ ლე პენი და მამამისი ფინანსური პროკურატურის გამოძიების ფიგურანტები გახდნენ