20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ეკა ბესელია 5 სპეცრაზმელის დაკავებაზე: ძალადობა ვინ ჩაიდინა, მაშინვე იცოდნენ, მაგრამ არ იყო პოლიტიკური ნება

სასიამოვნო გაოცება მაქვს, მაგრამ აშკარად ხდება რაღაც სხვა, რის გამოც გადაწყვეტილება მიიღეს – ძალადობა ვინ ჩაიდინა, მაშინვე იცოდნენ, მაგრამ არ იყო პოლიტიკური ნება, რატომ გაჩნდა ახლა?- ასე ეხმაურება „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი, ეკა ბესელია ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირის, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელის, დაკავებას.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ წელიწად ნახევრის წინაც იცოდა, ვინ იყვნენ მოძალადეები, თუმცა ადრე მათი დაკავების პოლიტიკური ნება არ ჰქონდათ.

„ახალგაზრდა ბიჭის [ზვიად მაისაშვილი] ისტორიამ ყველა შეგვძრა, სულ თვალწინ მიტრიალებს საშინელი სცენა, როგორ გაიმეტეს. მგონი, ეს იმდენად მძიმე ტვირთი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“, ასევე გურამ როგავას ცემის ფაქტი და მისი სასიკვდილოდ გამეტება, რომ როგორც ჩანს, მომწიფდა ეტაპი, მოცემულ პერიოდში აშკარად ხდება რაღაც სხვა, რომლის გამოც, ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ვინ ჩაიდინა, მათ მაშინვე იცოდნენ, მაგრამ მაშინ არ იყო პოლიტიკური ნება, რატომ გაჩნდა ახლა, ამის ახსნა ზუსტად არ შემიძლია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ სპეცრაზმელების დაკავება არჩევნებისთვის სამზადისს უკავშირდებოდეს.

„უნდა დაენახა მას[ბიძინა ივანიშვილს], რომ როცა იმ ადამიანებს, რომლებიც პრაქტიკულად კლავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და შენ მკვლელებს ინახავ საკუთარ ოჯახში, შენ თანამონაწილე ხარ და შეიძლება აღარ უნდა ეს თანამონაწილეობა. შეიძლება არჩევნებისთვისაც ემზადებოდეს, არც ესაა გამორიცხული, არ ვიცი რომელი ვერსიაა სწორი. შეიძლება ეს მომენტია, რომ დაუდგა ეტაპი, დისტანცირდეს, დაშორდეს იმ შავ ლაქებს, რომელიც მას როგორც სასჯელი ისე აქვს, მასაც და მის ოჯახსაც. არ შეიძლება ეს მის შვილს, მის ოჯახს და მის გარემოცვას არ აწუხებდეს. ვნახოთ ამის გაგრძელება, შემდეგი ნაბიჯებით უფრო მივხვდებით, რამდენად სისტემურია შეცდომების და დანაშაულების გააზრება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო მდივანი რომის პაპს შეხვდა
შემდეგი სტატიაგვარამია: ივანიშვილთან არანაირ საკითხზე ვაჭრობა არ შეიძლება, რადგან მას ვერავინ მოუგებს