„ეიბისი ნიუსის” ჟურნალისტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან , მარკო რუბიოს ჰკითხა:” რატომ შეიძლება, რომ პრეზიდენტ ზელენსკის დიქტატორი უწოდო, ხოლო, როგორც თქვენ ამბობთ, არ დაუძახო სხვადასხვა სახელი პუტინს?“, რაზეც რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს, რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს.
„ჩვენ სამი წელი ვეძახდით ვლადიმერ პუტინის სახელებს. ამაში არ არის საქმე. ახლა ჩვენ ვცდილობთ, რომ ის მოლაპარაკების მაგიდასთან მივიყვანოთ, რუსები. მე თავიდანვე ვამბობდი, იქნებ მათაც არ უნდათ გარიგება. ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ჩვენ მათთან სამი წელია, არ გვილაპარაკია. მაგრამ, შეიძლება უნდათ. საქმე იმაშია, გვინდა თუ არა – ამას ყველას ვკითხავდი. თუ მოლაპარაკებები არ იქნება, რა არის ალტერნატივა? კიდევ ოთხი წელი ომი? კიდევ სამი წლის ომი, რომელშიც შეერთებული შტატები და ევროპა აგრძელებენ მილიარდობით დოლარის დახარჯვას უკრაინის ომში? ეს არის ალტერნატივა? მე ვთხოვე ყველა საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლებსაც შევხვდი, მითხარით თქვენი აზრი.
უმეტესობას გეგმა არ აქვს. რამდენიმემ თქვა, კარგი, მოდით, მივცეთ მათ კიდევ ერთი წელი, ერთი წლის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ, კიდევ ერთი წლის სიკვდილის შემდეგ, კიდევ ერთი წლის განადგურების შემდეგ, მაშინ შესაძლოა, პუტინი მზად იყოს მოლაპარაკებისთვის. ეს არ მეჩვენება კარგ გეგმად და, რა თქმა უნდა, ეს არ არის პრეზიდენტის გეგმა“, – განაცხადა რუბიომ.
ჟურნალისტის თქმით, საუბარი არ არის მხოლოდ მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანაზე. „საუბარია დადებული ხელშეკრულებების დაცვაზე. და ეს იყო ერთ-ერთი პუნქტი, რომლზეც პრეზიდენტმა ზელენსკიმ პარასკევს ოვალურ კაბინეტში ისაუბრა, რომ ვლადიმერ პუტინმა არ შეინარჩუნა წარსულში გაფორმებული შეთანხმებები. მართალი არ იყო ამაში?“, – მიმართა ჟურნალისტმა რუბიოს, რაზეც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ საუბარია წინსვლაზე და არა წარსულზე.
„აქ არავინ ამტკიცებს, რომ ვლადიმერ პუტინი აპირებს ნობელის პრემიის მიღებას მიმდინარე წელს. რაზეც აქ ვსაუბრობთ, არის ის, რომ მას ძალიან დიდი ქვეყანა აქვს. ისინი სრულად მზად არიან ომისთვის. ისინი ახლა იარაღს ამზადებენ და ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ? და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც უცდია. ეს არის მიზანი. შეგვიძლია თუ არა, რომ შევეცადოთ, მათთან ერთად დავსხდეთ და გავარკვიოთ, არის თუ არა რაიმე გზა, რას ითხოვენ რუსები? რა პირობებში იქნებოდნენ რუსები მზად ამ ომის შეჩერებისთვის? როგორც ვთქვი, ჩვენ არ ვიცით, რა არის ეს, რადგან მათთან სამი წელია, არ გვილაპარაკია. ეს არის ერთადერთი მიზანი, ამ კონფლიქტის დასრულების მცდელობა და ის იწყება მათი მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანით.
საბოლოო ჯამში, როგორც ნებისმიერი ზავი, როგორც ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ეს ყველაფერი უნდა აღსრულდეს, უნდა იყოს გრძელვადიანი, უნდა იყოს დაცული. ყველას ესმის ეს, მაგრამ ეს იწყება პირველი ნაბიჯით, და ეს არის მათი ჩართვა, რათა დაინახონ, შესაძლებელია თუ არა ეს, რადგან თუ ასე არ არის, მაშინ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ჩიხი, ათასობით ადამიანი იღუპება, მილიარდობით დოლარი იხარჯება, იქნება მეტი სიკვდილი და განადგურება“, – აღნიშნა რუბიომ.