,, EFTA-სთან შეთანხმების გაფორმების შემდეგ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ფაქტობრივად მთელ ევროპასთან ექნება”

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია პარიზში სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენის (CIA) გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრო.

როგორც “თაიმერს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ოთარ დანელიამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებთან ერთად, მეცხოველეობის, მეღვინეობის, მეფუტკრეობის და მარცვლოვანი კულტურების პავილიონები დაათვალიერა და წარმოდგენილ პროდუქციას და მომსახურებებს გაეცნო.

გამოფენის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ასევე, შეხვედრა გამართა შვეიცარიელ კოლეგასთან, სოფლის მეურნეობის მიმართულების ხელმძღვანელ ბერნარ ლემანთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და EFTA-ს (ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის წარმატებით დასრულებაზე. მოგეხსენებათ, 2016 წლის 27 ივნისს, შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში ხელი მოწერება საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომლის თანახმად ქართული პროდუქციისთვის ევროპის (შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი) 14 მილიონიანი ბაზარი გაიხსნება.

ოთარ დანელიამ შვეიცარიელ კოლეგას საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის, განსაკუთრებით თხილისა და ღვინის საექსპორტო პოტენციალი გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, EFTA-ს წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ფაქტობრივად მთელ ევროპასთან ექნება. შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო, ტექნიკური და კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. შვეიცარიულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა აღნიშნული მამართულებით საქართველოს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროს. ოთარ დანელიამ შვეიცარიელი კოლეგა მიმდინარე წლის მაისში საქართველოში მოიწვია, სადაც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს და ქართული პროდუქციის წარმოების პროცესებს ადგილზე გააცნობს.

გამოფენის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრები გაიმართა აგროალიმენტარის ტექნიკისა და პროდუქტების საერთაშორისო განვითარების ასოციაციის პრეზიდენტთან, ფრანსუა ბიურგოსთან, მსხვილფეხა საქონლის მაღალპროდუქტიული ჯიშების მოშენება-გავრცელების კუთხით მომუშავე კომპანიების ხელმძღვანელებთან და საფრანგეთის ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან.
პარიზის სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე და საქართველოში საფრანგეთის სოფლის მეურნეობის ატაშე ნიკოლა პერენი ესწრებოდნენ.

გამოფენა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გახსნა. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენაში 40-მდე ქვეყნის 1 000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველდღიურად 10 ათასს აჭარბებს.

banner
წინა სტატიაშიმაღაროელები “საქნახშირს” ახალ პირობას სთავაზობენ
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე თბილისში მყოფ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება