12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ედიშერ კვარაცხელია – რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი

მალე, ოთხი წელი გახდება იმ დღიდან, რაც რუსი ოკუპანტების აგრესიას კიდევ ერთი ქართველი გმირი, ედიშერ კვარაცხელია ემსხვერპლა. თითქმის, ოთხი წელი გავიდა, მაგრამ ტკივილი არ ნელდება, არ ხუნდება.. დრო ვერ ამშვიდებს იმ გულებს, სადაც, მისი სახელი სამუდამოდ ჩაიწერა!

ედიშერ კვარაცხელია – 48 წლის ქართველი მებრძოლი, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაეცა. ის, მშობლიურ ქალაქ წალენჯიხაში, სამხედრო პატივით დაკრძალეს, ისე, როგორც გმირებს ეკადრებათ.

დაკრძალვის დღეს მისივე სახლის ეზოში, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა პროტესტის ნიშნად რუსეთის დროშა დაწვეს — სიმბოლური პასუხი იმ ძალადობაზე, რომელმაც ეს ოჯახი შვილს, ეს ქვეყანა კი ერთგულ მეომარს წაართვა.

„ძალიან მიჭირს, მიმძიმს… მე პატარა კაცი ვარ, ჯიმა, ოღონდ დიდი გულით. ჩემზე ჯერ არ დაწერო, დედა ინერვიულებს…“ – ეს სიტყვები ედიშერს ეკუთვნის — კაცს, რომელიც საკუთარ ტკივილზე მეტად დედის ნერვიულობას უფრთხილდებოდა. ეს ჟესტი, მისი პიროვნების დიდებულებას უსვამს ხაზს.
ედიშერი უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა, იყო 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის — „КИЇВСЬКА РУСЬ“-ის წევრი. მანამდე კი, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომშიც მიიღო მონაწილეობა. მისი ბრძოლა არასდროს ყოფილა მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის — ის, მუდმივად იდგა თავისუფლების მხარეს. ამრიგად, უკრაინის მიწაზე დაცემით, სინამდვილეში, მის სამშობლოს, საქართველოს იცავდა.

ედიშერ კვარაცხელია 10 ოქტომბერს დაიღუპა. დღეს ქართველი გმირი 48 წლის უნდა გამხდარიყო…

მაგრამ მის გარეშე დადგა ეს თარიღი; მის გარეშე ხვდება ედიშერის დაბადების დღეს დედა, რომელსაც შვილის ხმა აღარ ესმის; მის გარეშე ცოლი და შვილები, ოჯახი და მეგობრები — ყველა ისევ, ცრემლითა და დუმილით აღნიშნავს დღეს, რომელიც სიხარულს უნდა უკავშირდებოდეს.
„საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“ — ჯანსუღ ჩარკვიანის ეს სიტყვები, თითქოს, ედიშერის ბედს ელოდა. გმირებს არ უნდა ვკარგავდეთ, მაგრამ ისინი მაინც მიდიან — იმისთვის, რომ ჩვენ დავრჩეთ და სწორედ, ეს რისკი ანიჭებს მათ გმირის სტატუსს!

მეოთხე წელი დაიწყო ედიშერის გარეშე. ოთხი წელია მისი დაბადების დღე აღარ არის დღესასწაული — ეს დღე, ტკივილად, დუმილად და ცრემლად იქცა.
ოთხი წელია დედა შვილის დაბადების დღეს ცრემლებით ხვდება. დღე, რომელიც სიხარულით უნდა დაეწყო, ისევ, მონატრებით და გულში ჩარჩენილი კითხვებით სრულდება. ოთხი წელია მეუღლისა და შვილების მონატრება უსასრულო გახდა — დრო გადის, მაგრამ ტკივილი არ ნელდება…

ედიშერი დღეს იუბილარია. ის ასაკი, რომელიც სიხარულს, სიცოცხლეს და ოჯახურ სითბოს უნდა ეზეიმა, მის გარეშე დგება. მის გარეშე ითვლება წლები, მის გარეშე იწერება კალენდარი, მის გარეშე მოდის მისი დაბადების დღე.

ედიშერი აღარ არის, მაგრამ არის მისი სახელი, მისი გზა, მისი გმირობა. არის დედის ცრემლებში, შვილების თვალებში, მეუღლის დუმილში, მეგობრების გულებში.

ოთხი წელი გავიდა — და მაინც, ვერ შევეგუეთ, ვერ მივიღეთ, ვერ ვთქვით ისე, როგორც შეეფერებოდა მას. გმირები ასე რჩებიან: დრო ვერ შლის, ტკივილი ვერ აქრობს, დავიწყება ვერ ეკარება.

ეს ტრაგედია, გია ხარჩილავას მერობის პერიოდში მოხდა. იმ, მძიმე დღეებში, ჩემთან საუბარში, გია ხშირად ამბობდა: წალენჯიხელ გმირებს ძეგლი უნდა დავუდგათო. ეს არ იყო უბრალოდ სიტყვები. ეს იყო მოვალეობა, რაც მან კარგად იცოდა, რომ ქალაქს და ქვეყანას ეკისრებოდა!
დროის დაუნდობლობამ ედიშერი ხომ წაგვართვა და რამდენიმე წელიწადში გიაც დავკარგეთ! და წალენჯიხამაც დაკარგა შესაძლებლობა, რომ გიას, თავისი ჩანაფიქრი ბოლომდე მიეყვანა. ორი სხვადასხვა ბედი, მაგრამ ერთი და იგივე ტკივილი და ერთი საერთო იდეა — გმირების ხსოვნა, არ უნდა გაქრეს!
დღეს, ზემოაღნიშნული ძეგლი ჯერ არ დგას, მაგრამ დადგება დრო. მოვა თაობა, რომელიც გიას ნათქვამ სიტყვებს საქმედ აქცევს! თაობა, რომელიც მიხვდება, რომ გმირები მხოლოდ წიგნებსა და “პოსტებში” არ უნდა დარჩნენ — მათ, ქალაქის გულში უნდა ჰქონდეთ ადგილი, იქ, სადაც ყოველ დღე ჩაივლიან ადამიანები და დაინახავენ, ვის მხრებზე დგას წალენჯიხა და ვინ ქმნის ისტორიას საკუთარ ქალაქში!

ედიშერის და სხვა წალენჯიხელი გმირების სახელები წარსულში არ დარჩება და არ დაიკარგება.

გიას ჩანაფიქრი არ იქნება დაუსრულებელი. დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს — და როცა ეს ძეგლი დაიდგმება, ეს იქნება არა მხოლოდ ქვის, ან ბრინჯაოს კონსტრუქცია, არამედ, სინდისის, მადლიერებისა და სიმბოლო.

ზოგი იდეა მაშინაც ცოცხლობს, როცა ადამიანები აღარ არიან. ეს, სწორედ, ასეთი იდეაა.

რადგანაც საკითხი ძეგლს შეეხო, მცირე გადახვევას გავაკეთებ: დათა თუთაშხიას გმირის ძეგლის დადგმას არ ვაკნინებ — ის, ლიტერატურული ნაწარმოების სიმბოლოს წარმოადგენს. იდეალია – ხასიათი, რომელიც თაობებს ზრდიდა და ზრდის. მის ღირსებას ეჭვი არ შეეფერება!

მაგრამ არსებობს სხვა სიმართლეც, უფრო მტკივნეული და უფრო ახლოს მდგომი ჩვენთან. მარტივად, რომ ვთქვათ, მედლის მეორე მხარე: არიან წალენჯიხელი გმირები, რეალური ადამიანები, სამშობლოს საკუთარი სისხლით დამცველები, საქართველოსთვის თავგანწირულები, ნაანდერძები სახელები, რომელთა გვარები ჩვენსავე ქუჩებს, ეზოებს და ოჯახებს ეკუთვნის. ისინი, არ არიან რომანის ფურცლებზე დაბადებულნი — ისინი, ჩვენ შორის ცხოვრობდნენ, ამ ქალაქში გაიზარდნენ და აქედან წავიდნენ საომრად.

მათი სახელები ერმა უნდა იცოდეს. მათი ისტორიები სკოლებში უნდა ისწავლებოდეს.

მათი ხსოვნა, არა მხოლოდ ჩვენს გულებში, არამედ, ამაყად უნდა იდგეს ქვის ძეგლშიც.

ლიტერატურული გმირი სიმბოლოა, რეალური გმირი კი — მაგალითი. მაგალითი იმისა, თუ, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, არჩევანი თავისუფლების მხარეს და სიცოცხლის გაღება სხვებისთვის. ეს ადამიანები არ ითხოვდნენ დიდებას, მაგრამ ვალად დაგვიტოვეს ხსენება.
თუ, ქალაქს შეუძლია ერთ გმირს ძეგლი დაუდგას, მით უფრო შეუძლია იმ გმირების დაფასება, ვინც ამ მიწის შვილები იყვნენ. ეს არ არის დაპირისპირება და არჩევანი „ერთი მეორის წინააღმდეგ“. ეს არის სამართლიანობა — წარსულისა და რეალობის ერთდროულად დანახვა.

წალენჯიხას ჰყავს თავისი გმირები და მათი სახელები, დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

ედიშერ კვარაცხელია — დღესაც ჩვენთან არის. ხსოვნით. სიყვარულით. უკვდავად!

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშილადო გამსახურდია – “საქართველო ვერ გადარჩება შიშით, ვერ გადარჩება იმ პოლიტიკით, რომელიც მცოცავ ოკუპაციას „სტაბილურობას“ ეძახის”
შემდეგი სტატიაკოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულია 15 მგზავრი