ბრიტანელმა პოპ-ვარსკვლავმა ედ შირანმა ფილადელფიაში გამართულ კონცერტზე ბოდიში მოიხადა იმ სკანდალის გამო, რომელიც რეპერ მაქლემორის (Macklemore) საკონცერტო ტურნედან ჩამოშორებას მოჰყვა. მაქლემორი ტურის გახსნით ნაწილში პალესტინის მხარდამჭერი განცხადებების გამო აღარ მიიღებს მონაწილეობას.
Lincoln Financial Field-ზე გამართულ შოუზე შირანმა პირველად დაარღვია დუმილი და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარების გამო წუხს.
„რთული გადაწყვეტილებების მიღება მიწევდა, შეცდომებს ვუშვებ და ძალიან, ძალიან ვწუხვარ“, — განუცხადა შირანმა მსმენელს.
კონცერტის დასაწყისში ბრიტანელმა შემსრულებელმა „ჰამასის“ 2023 წლის ოქტომბრის თავდასხმას „საშინელი“ უწოდა, თუმცა მკვეთრად გააკრიტიკა ისრაელის სამხედრო მოქმედებებიც.
მან ისრაელის მიერ წარმოებული ომი შეაფასა როგორც „კატასტროფული, გაუმართლებელი და არაპროპორციული“, ხოლო იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ვითარებას „სისტემური უსამართლობა“ უწოდა.
აღნიშნული განცხადება მკვეთრი ცვლილება იყო შირანის თავდაპირველი პოზიციისგან. რამდენიმე დღით ადრე მან Instagram-ზე დაწერა, რომ მისი კონცერტის მაყურებელი „პოლიტიკურ ფორუმს არ ელოდება“.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 4 სექტემბერს ნიუ-ჯერსის კონცერტზე მაქლემორმა სცენიდან განაცხადა: „თავისუფლება პალესტინას“.
ამის შემდეგ, სტადიონების მფლობელებმა, მათ შორის NFL-ის გუნდ New England Patriots-ის მფლობელმა რობერტ კრაფტმა, ედ შირანს ულტიმატუმი წაუყენეს: თუ მაქლემორი ტურნეში დარჩებოდა, შირანს Gillette Stadium-სა და სხვა არენებზე გამოსვლის უფლებას არ მისცემდნენ.
შირანი დათანხმდა ორგანიზატორების მოთხოვნას და რეპერი ტურიდან მოხსნა, რასაც პროტესტის ნიშნად სხვა დამხმარე არტისტების მიერ ტურნეს დატოვება მოჰყვა. ფილადელფიის კონცერტზე შირანმა აღნიშნა, რომ ღრმად არის შეშფოთებული საკონცერტო სივრცეების მხრიდან ცენზურის დაწესების მცდელობებით.








