“Eagle Hills-ის გასაიდუმლოებული ხელშეკრულება „ჩვეულებრივი კომერციული პრაქტიკაა“ – პრემიერი

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გასაიდუმლოება წარმოადგენს ჩვეულებრივ კომერციულ პრაქტიკას და სრულად ემსახურება ინვესტორის ინტერესებს. ამის შესახებ მან პარლამენტში ისაუბრა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს არ აქვს არანაირი ფინანსური ვალდებულება და პროექტის სრული ტვირთი უცხოელ პარტნიორს ეკისრება.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამართულ სხდომაზე, “ოცნების” პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი პარტნიორი კომპანიის მოთხოვნით დაედო და ეს, მისი შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება.

მისი თქმით, 10 წელში 1 554 ხელშეკრულება გაფორმდა კომერციული საიდუმლოების სტატუსით, Eagle Hills-ი კი მხოლოდ ერთ-ერთია.

„რაც შეეხება იმას, თუ რატომ აქვს მინიჭებული ამ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ეს არის პარტნიორი კომპანიის წმინდა კომერციული ინტერესი, რათა მას ჰქონდეს მომავალში სივრცე, რათა აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ პარტნიორებთან და ეს არის მიღებული პრაქტიკა. ეს პრაქტიკა ეფუძნება, ერთი მხრივ, საქართველოს კანონმდებლობას და მეორე მხრივ, ეს პრაქტიკა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერი ირწმუნება, რომ სახელმწიფოს არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ეკისრება და პროექტის სრული დაფინანსება ინვესტორის მხარესაა.

„რაც შეეხება მხარეების ვალდებულებებს, პირველ რიგში, ფუძნდება ერთობლივი კომპანია, წილის მესამედი ეკუთვნის ამ კომპანიაში საქართველოს სახელმწიფოს, 2/3 ეკუთვნის კომპანია Eagle Hills-ს და აქ ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას, რომ საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, არავითარ ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის სასარგებლოდ. საქართველოს სახელმწიფო მთლიანად არის დაცლილი ვალდებულებებისგან. ჩვენ შევდივართ მიწის ნაკვეთებით ამ პროექტში და სახელმწიფოს არ აქვს არავითარი ვალდებულება, გარანტიის ვალდებულება მათ შორის. რაც შეეხება ინვესტორის ვალდებულებას, ინვესტორი იღებს ვალდებულებას სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი ანუ ვალდებულებები არის მთლიანად პარტნიორი კომპანიის მხარეს, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდრისკოლს უკრაინის „დამარცხებაზე“ არ უსაუბრია – რუბიო
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი Step Energy-სთან პარტნიორობით რეგიონულ ფილიალებს მზის ენერგიით მოამარაგებს