ე.წ. შესაშინებელი სიების ყალბი ტირაჟირება ახალი არ არის – პროკურატურა ხოშტარიაზე

საქართველოს პროკურატურა პროკურორებზე გავრცელებულ განცხადებაზე დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას პასუხობს.

პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის მიზანი “საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა” და, უწყების შეფასებით, “ე.წ. შესაშინებელი სიების” ტირაჟირება ახალი არ არის.

უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გავრცელებული განცხადება “დისკრედიტაციის უსუსური მცდელობაა” და, მათივე მტკიცებით, თითოეული პროკურორის საქმიანობა, დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა სრულად იქნება დაცული საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების ფარგლებში. პროკურატურა ასევე ამტკიცებს, რომ ოტარ ფარცხალაძეს 2013 წლის შემდეგ უწყებასთან შეხება არ ჰქონია.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

გვსურს გამოვეხმაუროთ გარკვეული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის მხრიდან გაჟღერებულ მორიგ ცილისმწამებლურ განცხადებას, რომლის მიზანიც პროკურატურის დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პროკურატურაზე ცილისმწამებლური თავდასხმა და ე.წ. „შესაშინებელი სიები“-ს ყალბი ტირაჟირება არ არის ახალი და როგორც წესი, ჩვენი თანამშრომლების მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება პერიოდულ და კამპანიურ ხასიათს ატარებს, ძირითადად ისეთი სისხლის სამართლის საქმეების მსვლელობის პარალელურად, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირში მყოფი პირების დანაშაულებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს. ნათელია, რომ დღეს პროკურორების მიმართ დაწყებული მორიგი ცრუ პიარ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის უსუსურ მცდელობას.

ხაზი უნდა გაესვას, რომ აღნიშნული კამპანიის ავტორები ცდილობენ, პროკურატურის და კონკრეტული პროკურორების საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას და ამასთან დაკავშირებითაც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მსგავსი სიყალბეებით და დეზინფორმაციებით ვერავინ მიაღწევს მიზანს; საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას და თითოეული პროკურორის საქმიანობა, დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა სრულად იქნება დაცული საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების ფარგლებში.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის შესაძლო კავშირს საქართველოს პროკურატურასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ იგი 2013 წლის შემდგომ არ მუშაობს უწყებაში და მას შემდგომ არანაირი შემხებლობა არ აქვს და არც შეიძლება ქონდეს საქართველოს პროკურატურასთან. აღნიშნული სიცრუის ტირაჟირება არ არის ახალი და წლების განმავლობაში, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელების არაერთი მაგალითი გვინახავს. შესაბამისად, ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს კონკრეტული შემთხვევაც ამ ყალბი საინფორმაციო ხაზის გაგრძელების მორიგი უსაფუძვლო მცდელობაა.

მოვუწოდებთ, აღნიშნული და მსგავსი დეზინფორმაციის ავტორებს, თავი შეიკავონ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან.

საზოგადოების ობიექტურად ინფორმირების მიზნით, თითოეული მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელებას შესაბამისი პასუხი გაეცემა, მათ შორის, ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფის მოთხოვნით სამოქალაქო წესით სასამართლოსადმი მიმართვის გზით.

დღეს, 23 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ პროკურორებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზე ისაბრა. ხოშტარიას ცნობით, მართლმსაჯულებასა და პროკურატურას აკონტროლებს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც პროკურატურას მოქმედი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მეშვეობით მართავს.

“ოთარ ფარცხალაძე პროკურატურას მართავს ირაკლი შოთაძის მეშვეობით, რომელიც თქვენ გახსოვთ ხორავას საქმეზე, საქმის გამრუდების გამო საგამოძიებო კომისიაში ტყუილში იყო გამოჭერილი, პირადად მე ვმონაწილეობდი ამ პროცესში. ზეწოლიდან გამომდინარე მოუწიათ მისი გადაყენება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისთვის ის იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომ დააბრუნეს უკან. ორი რამ არის მნიშვნელოვანი, პირველი – ირაკლი შოთაძე თავად არ უარყოფს, რომ ის ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში ხაზარაძის და ჯაფარიძის შეხვედრას, პირდაპირ იყო ჩართული გარჩევებში ამ კონკრეტულ საქმეზე. მეორე – ის პირდაპირ კურირებს ყველა პოლიტიკურ საქმეს”. – ამბობს ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანია დასავლეთმა არ გაიმეოროს იგივე შეცდომა, რაც ყირიმის, დონბასის და საქართველოს შემთხვევაში მოხდა – ესტონეთის პრემიერი
შემდეგი სტატიაბრიტანელ მოხალისეს, რომელსაც დონეცკში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, უთხრეს, რომ “განაჩენი მალე აღსრულდება”