ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო პროცესზე მოწმე პოლიციელების დაკითხვას გამოეხმაურა. ჯაფარიძის განცხადებით, სამართალდამცველების ჩვენებები ბუნდოვანია და მათ ინციდენტის ზუსტი დრო, თარიღი ან სხვა დეტალები არ ახსოვთ.
პოლიტიკოსის განმარტებით, საქმეში არსებულ აუდიოჩანაწერს, რომელზეც მოწმემ ისაუბრა, თავადაც არ ხდის სადავოდ, რადგან ის 2022 წელს „დედაენის“ ბაღში, ასეულობით ადამიანის თანდასწრებით საჯაროდ არის ჩაწერილი და არა ფარულად.
„მოწმედ პოლიციელები მოვიდნენ, ერთმა მე და გიორგი ვაშაძეს დაგვადო ხელი, მეორემ სხვებს დაადო, რომ ვითომ „ჟეშტიკულაციით“, ასე წერია ჩვენებაში, „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად მოვუწოდებდით ხალხს, რომ მივაწვეთ და დაიღლებიან. როცა ვეკითხებით, ეს რომელ დღეს ხდებოდა, გვპასუხობენ, რომ არ ახსოვთ, რომელ საათზე ხდებოდა – არ ახსოვთ, რა მეცვა – არ ახსოვთ… მარტო ახსოვს ის, რომ სადღაც, ოდესღაც გაურკვევლობაში დაგვინახეს და ჩვენ ვეუბნებოდით ‘მივაწვეთ’“, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვთ წარდგენილი.
















