თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა ინტენსიურ ფაზაში შედის. 18 ივნისის სხდომის შემდეგ, პროცესები კვირაში ორჯერ – ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.
საქმეზე ბრალდებულია 8 ოპოზიციონერი ლიდერი: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ელენე ხოშტარია.
დღევანდელ პროცესზე დაიკითხა საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც პოლიტიკური პარტიების ოფისების ჩხრეკას ესწრებოდა.
პროკურორ ანი ხუბეჯიშვილის თქმით, ჩხრეკისას ნაპოვნია ბენზინი და პიროტექნიკა. მისივე მტკიცებით, ელენე ხოშტარიამ გამომძიებელს პირდაპირ ეთერში უთხრა, რომ პიროტექნიკა პოლიციელების დასაზიანებლად იყო გამიზნული.
გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას საბოტაჟთან ერთად ბრალად ედებათ უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი მხოლოდ საბოტაჟის მუხლით აქვთ წარდგენილი, ხოლო მიხეილ სააკაშვილს – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისთვის.















