საქმეების გარჩევები ე.წ. ქურდული წესებით – “ქურდული სამყაროსთან” კავშირში მყოფი 15 პირიდან სასამართლომ 12 ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში გაუშვა, აქედან ერთს, რომელიც ძებნილა, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, 3 მათგანი კი ისედაც მსჯავრდებული იყო. ისინი სხვა დანაშაულებისთვის იხდიდნენ ციხეში სასჯელს. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა გამოაცხადა.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. საქმეში დევს ფარული აუდიო ჩანაწერები, სადაც ისმის, როგორ განიხილავენ ბრალდებულები სხვადასხვა თანხებთან დაკავშირებულ დავებზე.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში არის მხოლოდ სატელეფონო საუბარი. ის არის საკუთარ ვალტან მიმართებაში. დადასტურებულია, რომ 2500 დოლარი მეუღლისგან წაიღო ვინმე ეროვნებით აზერბაიჯანელმა და მასთან ჰქონდა უბრალოდ კომუნიკაცია, რომ დაებრუნებინა. ჩვენი პოზიციაა, რომ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს”- ამბობს ადვოკატი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, როგორც საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ დავალებით, ასევე დამოუკიდებლად, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე „ქურდულ გარჩევებს“ სისტემატიურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ სხვადასხვა სახის დავებს განიხილავდნენ.



















