ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ექვს პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გვაინ ღამით გამოაცხადა.
სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.
ბრალდებული ექვს პირის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლცენტრის საქმის გახსნის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. უწყების ცნობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის, სლოვენიისა და სლოვაკეთის მოქალაქეების კუთვნილ, დაახლოებით 3 170 000 ევროს. ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ქოლცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში, მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დისშვილის საბანკო ანგარიშებზე.
დავით კეზერაშვილი საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას საგანგებო განცხადებით უპასუხა და მას ცილისმწამებლური უწოდა
კეზერაშვლი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად მის დისკრედიტაციას ისახავს.