თბილისის საქალაქო სასამართლოში გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებლის, ელისო კილაძის მორიგი პროცესი 2 საათზე დიდხანს გაგრძელდა.
სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმედ გიორგი კამლაძე დაიკითხა — პირი, რომლის სახელზეც ე.წ. ქოლცენტრი ფიქსირდებოდა. იგი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაზე იმყოფება. კამლაძემ განაცხადა, რომ კილაძე კომპანიისგან გარკვეულ თანხას იღებდა, თუმცა ბრალდებულის მოთხოვნის მიუხედავად, ვერ დააკონკრეტა, ზუსტად რა მომსახურების სანაცვლოდ უხდიდნენ მას ამ თანხას.
პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის თქმით, მოწმის ტექნიკიდან ამოღებულია „შავი ბუღალტერიის“ მოცულობითი ფაილები, რომლებზეც კითხვები დაისვა. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ კილაძის კონკრეტული როლი ბრალდების დადგენილებაშია განმარტებული და საპროცესო შეთანხმებაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს, ვიდრე ამას თავად ბრალდებული არ მოითხოვს.
შემდეგი სხდომა 4 აგვისტოს ჩაინიშნა, სადაც ბრალდების მხარე ბოლო მოწმეს დაჰკითხავს.
შეგახსენებთ, ელისო კილაძე 18 თებერვალს დააკავეს. მას, ყოფილ გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და კიდევ 8 პირს ბრალი ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში (სსკ-ის 180-ე და 194-ე მუხლები) ედებათ. კილაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია. საქმეზე პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.















