“მთავარი მისი ჩიტი, რომელიც დაკავებულია, ეს იყო ლილუაშვილი დიდი ალბათობით და ფარცხალაძე, ერთად იყვნენ ამ ჯგუფში. ჩემს ხელთ არსებული ვარაუდების დონეზე გეუბნებით, მაგრამ დიდი ალბათობით ეს არის ის ჩიტი, რომლის მეშვეობითაც მას ყველანაირ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი”, – ამის შესახებ განცხადებას ადვოკატი, ზურაბ თოდუა გივი ჯიბლაძესთან დაკავშირებით აკეთებს და ელისო კილაძის დაკავებას, პროკურატურაში მის მიერ წარდგენილ აუდიო-ჩანაწერს უკავშირებს.
თოდუას თქმით, მასალა შეიცავს ინფორმაციას ჟურნალისტის შესაძლო კავშირებზე ე.წ. “ქოლ-ცენტრებისა” და ფულის გათეთრების საქმესთან.
მისი განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით დადასტურდა, რომ ჩანაწერი ავთენტურია და მასზე მონტაჟის კვალი არ იკვეთება.
“იმ ჩანაწერში, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ და პროკურატურას დავუდეთ, აშკარად არის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პატივცემული ელისო კილაძე გივი ჯიბლაძესთან ერთად ძალიან დაახლოებულია “ქოლ-ცენტრების” მამამთავრებთან საქართველოში და არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაშიც.
მთავარი მისი ჩიტი, რომელიც დაკავებულია, ეს იყო ლილუაშვილი დიდი ალბათობით და ფარცხალაძე, ერთად იყვნენ ამ ჯგუფში. ჩემს ხელთ არსებული ვარაუდების დონეზე გეუბნებით, მაგრამ დიდი ალბათობით ეს არის ის ჩიტი, რომლის მეშვეობითაც მას ყველანაირ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი.
ასევე, ქალბატონმა ელისომ გამივრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს დამონტაჟებული ეს ჩანაწერი, თითქოს ყალბია და ა.შ. გუშინ დილის 10:30 საათზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გადმომცა დასკვნა, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ ეს ჩანაწერი არის ავთენტური, არ არის მასზე მონტაჟის კვალი და ა.შ.
მივუტანე გუშინ გენერალურ პროკურატურას, ახლა მაინც გააკეთეთ რეაგირება მეთქი და სავარაუდოდ, ამის საფუძველზე არის ეს რეაგირება გაკეთებული”, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი დღეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაახლოებით დილის 9 საათზე დააკავეს. დაკავებისას სპეცრაზმის წარმომადგენლებს მისთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ. კადრებში, რომელიც ადგილიდან გავრცელდა, ჩანს, რომ კილაძე ითხოვს კითხვაზე პასუხს, რატომ დაადეს ხელბორკილები. ის ასევე უფლებადამცველს ითხოვს.
საქართველოს მთავარი პროკურატურა “ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავებას ოფიციალურად ადასტურებს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჟურნალისტი ე.წ. “ქოლ-ცენტრებისა” და ფულის გათეთრების საქმეზე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

















