„პირბადეების საქმის“ ფარგლებში სასამართლოში გამოკითხვების სერია გრძელდება. ცოტა ხნის წინ გამომძიებლებს კითხვებს პასუხობდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
პროკურატურის ინტერესის საგანს ორგანიზაციის დაფინანსება და მისი კავშირი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესებთან წარმოადგენს.
გამოკითხვაზე შესვლამდე ეკა გიგაურმა საქმეს “აბსურდული” უწოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ ორგანიზაციას მომიტინგეებისთვის პირბადეებიც კი არ შეუძენია.
გიგაური დარწმუნებულია, რომ “ოცნების” მიზანს მესამე სექტორის გაჩუმება და დაშინება წარმოადგენს.
ჩვენი ორგანიზაცია არ არის დაყადაღებული და მეტსაც გეტყვით, ის პირბადეებიც კი არ შეგვიძენია, რაზეც საუბრობს პროკურატურა. თავისთავად ის, რომ პირბადის შეძენით შეიძლება, რაღაც დაუშავო სახელმწიფოს, ეს არის, რა თქმა უნდა, აბსურდი და ჩვენს შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი აბსურდია, იმიტომ, რომ პირბადეც კი, როგორც გითხარით, არ შეგვიძენია.
ვნახოთ, ყველა კითხვაზე გვექნება პასუხი, მაგრამ ჩვენი შეფასება არის ის, რომა ამას აკეთებენ იმისთვის, რომ შეგვაშინონ, იმისთვის, რომ გავჩერდეთ, არ ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია და არ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, – ამბობს ეკა გიგაური.
















