ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციისას მოკლული რომან სურმანიძის მამა – “სახლში ჩიტის თოფიც არ გვქონია არათუ ავტომატი”

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი რომან სურმანიძის მამა ოთარ სურმანიძე სასამართლოში მოწმის სტატუსით იკითხება.

როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ აღნიშნა, მისი შვილი მეგობრებთან შოთა გორგაძესთან და მარად ართმელაძესთან ერთად 2006 წლის იანვარში წალკაში წავიდა.

მისი თქმით, წალკაში როდესაც ჩავიდნენ მათ დაუკავშირდა ტელეფონით და მოიკითხა. ოთარ სურმანიძის თქმით, მას ასევე სატელეფონო საუბარი ჰქონდა შვილთან მას შემდეგ, რაც ისინი წალკიდან თბილისში დაბრუნდნენ.

“12 იანვარს, როცა წალკიდან თბილისში ჩავიდნენ ველაპარაკე ტელეფონზე, მითხრა ბილეთებს ავიღებთ და წამოვალთო. 13-ში უკვე ჩამოსულები უნდა ყოფილიყვნენ ბათუმში, თუმცა, როგორც უკვე ცნობილია, ისინი არ ჩამოვიდნენ. თავიდან არ მითხრეს, რომ გარდაცვლილები იყვნენ. მოტყუებით წამიყვანეს ბათუმიდან თბილისში, ბავშვები დაჭერილები არიანო მეუბნებოდნენ, მაგრამ პოლიციის ნაცვლად წამიყვანეს საავადმყოფოში. მაშინ გავიგე, რომ გარდაცვლილები იყვნენ. ამოცნობაზე შემიყვანეს. ჩემი შვილი ამოვიცანი. ასევე გორგაძეც და ართმელაძეც მე ამოვიცანი. ჩემი შვილის გარდა, რომელსაც პასპორტი ჰქონდა თან არც ერთის ვინაობა არ ჰქონდათ დადგენილი. გარეთ რომ გამოვედი, მოვიკითხე რა მოხდა. მითხრეს ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალნენ ახალგაზრდა ბიჭებიო. განმიმარტეს, რომ ჩემი შვილი აპირებდა რუსთავის ციხის აღებას და პატიმრების გამოშვებას. თუ ამას გეგმავდა რა უნდოდა ნავთლუღის ავტოსადგურში? თბილისში საერთოდ პირველად ჩამოვიდა მაშინ”, – განაცხადა სასამართლოში დაკითხვისას ოთარ სურმანიძემ.

პროკურორების კითხვაზე, ხომ არ ინახავდა მისი შვილი სახლში ავტომატს, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ აღნიშნა რომ მსგავს ფაქტს არ ადგილი არ ჰქონია.

“ჩვენს სახლში ჩიტის თოფიც არ გვქონია, არათუ ავტომატი”, – განაცხადა ოთარ სურმანიძემ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: ვაპირებ, რომ პარლამენტარებს ჩავუტარო გაკვეთილი
შემდეგი სტატია“ნარჩემაშვილის მიმართ როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური რადიკალური შეფასებები საფუძველს მოკლებულია”