ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მთავარი მოწმის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას შვილი მას „შუბლის გახვრეტით“ დაემუქრა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მთავარი მოწმის კობა გოგატიშვილის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას შვილი მას „შუბლის გახვრეტით“ დაემუქრა. როგორც მოწმემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფირცხალავს მეუღლე და შვილი მასზე ზეწოლას ახდენდნენ, რათა ჩვენება შეეცვალა. გოგატიშვილის ინფორმაციით, ნინო ხვიტია ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ მას 30 ათას დოლარს, საზღვარგარეთ გამგზავრებასა და იქ უზრუნველ ცხოვრებას პირდებოდა.

„მე ვარ კორტების სპეცოპერაციის თვითმხილველი. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ყველაფერი. ჩვენება მიცემული მაქვს გამოძიებისთვისაც და სასამართლოსთვისაც. ჩემზე ფირცხალავას ოჯახის წევრებიდან და ახლობლებიდან იყო ზეწოლა და მუქარა. მაიძულეს, რომ შევხვედროდი. შემომთავაზეს 30 ათასი დოლარი და საზღვარგარეთ უზრუნველი ცხოვრება, რათა შემეცვალა ჩვენება და მეთქვა, რომ კორტებზე მოგვიანებით მივედი. ასევე მეუბნებოდნენ, რომ სიმართლეს, რომ გავდესო თქვი, რომ პროკურორებისგან იყო ზეწოლა. რეალურად არავისგან არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. ფირცხალავას მეუღლისა და შვილის გარდა შეხვედრაზე იყვნენ მამაკაცები, რომლებისაც შემეშინდა და ამიტომ ვუთხარი, რომ გავაკეთებდი ყველაფერს. სახალხო დამცველთან მიმიყვანეს და იქ უნდა მომეყოლა ის, რაც დამაზეპირებინეს. ვიდრე შევიდოდი, მანქანაში მომიბრუნდა ფირცხალავს შვილი და მითხრა, თუ არ შეცვლი ჩვენებას, გაგიხვრიტავენ შუბლსო“, – განაცხადა კობა გოგატიშვილმა.

მოწმის თქმით, მან იცოდა რომ საუბარს იწერდნენ. გოგატიშვილი ჩანაწერის სრული ვერსიის გასაჯაროვებას ითხოვს. მოწმის ინფორმაციით, თანხა, რომელიც შეცვლილი ჩვენების სანაცვლოდ მისთვის უნდა გადაეცათ, ნინო ხვიტიას მანქანაში ედო.

„სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან რომ მივედით, მოვიმიზეზე ცუდად ყოფნა და ამიტომ ვერ მივეცი ის ჩვენება, რომელიც დამაზეპირებინეს. ამის შემდეგ ჩვენ დავშორდით ერთმანეთს“, – აღნიშნა გოგატიშვილმა.

მისივე თქმით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას ოჯახთან და ადვოკატთან კონტაქტზე იძულებით გაიყვანეს და მუქარის შემდეგ ის თავად დაუკავშირდა ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილს. როგორც გოგატიშვილმა აღნიშნა, მას ყველა ნომერი აქვს ამოწერილი, საიდანაც მუქარისშემცველი ზარები ხორციელდებოდა და ასევე ყველა ესემესი, რომელიც ზეწოლას ეხება.

„მინდა საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. ელემეტარულად კაცს რომ შენს თვალწინ მოკლავენ, ღმერთის არ ეშინიათ? ჩემგან რაღა უნდათ?“ – განაცხადა მოწმემ.

კითხვაზე, თუ რატომ არ მიმართა მუქარებისა და ზეწოლების განხორციელების შემდეგ სამართალდამცველებს, კობა გოგატიშვილმა აღნიშნა, რომ მან განცხადება შეიტანა პოლიციაში და ამაზე გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოწმეს ასევე არ დაუკონკრეტებია, რატომ არ მიმართა პროკურატურას ზეწოლების განხორციელების შემდეგ და აღნიშნა, რომ მას სურდა საზოგადოებას სიმართლე გაეგო და ამიტომ მივიდა ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატთან.

banner
წინა სტატიაშიელტონ ჯონის ოფიციალურ საიტზე საქართველოს კონცერტების უკვე ახალი თარიღებია მითითებული
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ქალაქის სხვადასხვა უბნებში მოსახლეობისსაჭიროებებს ეცნობა