ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულებმა შიმშილობა დაიწყეს

ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ შიმშილობა დაიწყეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები იმ დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ საქმის მთავარი მოწმე შვიდი სპეცრაზმელი ჩვენებების მიცემის დროს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთ საკანში იყვნენ მოთავსებული და ჩვენებები შეათანხმეს.

ფირცხალავა და ცააძე შესაბამისი ორგანოებისგან აღნიშნული ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.

„ეს მტკიცებულება სწორედ ამ დაწესებულებაში ინახება. საუბარია იმ შვიდი სპეცრაზმელის ჩვენების მიცემაზე, რომლებიც ერთ საკანში იმყოფებოდნენ. ფაქტია, რომ ყველა ეს ჩვენება დაუშვებელია. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ციხის ადმინისტრაციას, სახალხო დამცველს და სხვადასხვა ორგანოებს, რომ ეს მტკიცებულება ჩვენთვის გადმოეცათ, მაგრამ არანაირ სამართლებრივ ბერკეტზე რეაგირება არ არის“, – განმარტა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ირაკლი ფირცხალავას მეუღლის ნინო ხვიტიას განცხადებით კი, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შიმშილობა დაუშვებელია.

2015 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებულებს ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძეს, კახაბერ ნაკანსა და ლევან ბეროძეს გამამატყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

ცააძესა და ფირცხალავას განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ხელისუფლება დაეხმარა მტერ სახელმწიფოს – “ეს არის საკუთარი ჯარისკაცების ღალატი”
შემდეგი სტატიამმართველი გუნდი ქართველი სამხედროს საქმეზე ინფორმაციას არ ფლობს