1-2 ოქტომბრის გასაყარი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან და მძიმე ღამედ დარჩება. 34 წლის წინ, გაგრის ოკუპაცია მოხდა. იმ დაწყევლილ 2 ოქტომბერს საშინელებათა სერია დაიწყო.
მაშინ, როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გაგრის სტადიონზე ქართველებისთვის მოჭრილი თავებით ფეხბურთიც კი ითამაშეს. ტყვედ ჩავარდნილი ქალების ნაწილი კი გაგრის სტადიონზე ჯერ რიგრიგობით გააუპატიურეს გავეშებულმა კონფედერანტებმა, შემდეგ კი დახოცეს.
კლავდნენ ყველას, ვისი ევაკუაციაც ვერ მოხერხდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ადამიანი მოხუცი იყო, ქალი თუ ბავშვი. ქართველობა საკმარის მიზეზად მიაჩნდათ იმისთვის, რომ ადამიანისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანათ.
ე.წ. „კოლუმბიური ჰალსტუხის“ მეთოდიც მაშინ გამოიყენეს მთიელ ხალხთა კონფედერაციის ლაშქრის ბოევიკებმა. ხეებზე ჩამოახრჩვეს ადამიანები, რომელთა ცხედრებიც იქ რამდენიმე დღის განმავლობაში ეკიდა.
დაქირავებულმა ტერორისტებმა ასევე გაიტაცეს არაერთი მშვიდობიანი ქართველი.
ტრაგედიის თვითმხილველთა მონათხრობები გაგრის მოვლენების შესახებ შემზარავ სურათს აღწერს:
შურა პეტრიაშვილი ბიჭვინთის ნავსადგურში ცოცხლად დამარხეს.
სოფელ კოლხიდაში დატყვევებული ქართველი მეომარი სამიზნედ აქციეს და რიგრიგობით ესროდნენ, სანამ მისი სხეული მთლიანად არ დაცხრილეს.
სეპარატისტებმა არც მოხუცები დაინდეს. დახვრეტილთა შორის იყვნენ 80 წლის გაგრის საკურორტო სამმართველოს ყოფილი უფროსი ბარამია, რომელიც მეუღლესთან ერთად საკუთარ სახლში დახვრიტეს; 65 წლის გიორგი გეგეჭკორი; 60 წლის ინჟინერი მიხეილ ჯინჭარაძე; 65 წლის ეკონომისტი ილია ცაგარელი და მისი ვაჟი, ასევე სხვები.
მტრებმა დაბა ლესელიძეში აწამეს და ბოძებზე ჩამოახრჩვეს დაახლოებით ორმოცდაათი ქართველი.
ქალაქ გაგრაში დატყვევებული ქართველები გაგრის სტადიონზე შეკრიბეს და დახვრიტეს, რის შემდეგაც მათი ცხედრები დაწვეს.
გაგრის ტრაგედია საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფურცლად დარჩა — ფურცლად, რომელსაც დავიწყების უფლება არ აქვს.








