ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები პროკურატურისგან ალეკო ელისაშვილის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს განცხადებით მიმართავენ. მსჯავრდებულების განცხადება მთავარ საგამოძიებო უწყებაში ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ შეიტანა. ანასტასია ზაუტაშვილი, გიორგი ჩეჩელაშვილი, რომან მესუმიანი და მევლუდ სვანიძე სამ მოთხოვნას აყენებენ, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი უვადო შიმშილობით იმუქრებიან. “მათი მოთხოვნებია: სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნას მიცემული, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი, მის მიერ განხორციელებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის; აღნიშნული პირის მიმართ, ასევე განხორციელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ნიშნებით”, – აღნიშნულია განცხადებაში. კერძოდ, მსჯავრდებულები მიიჩნევენ, რომ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი პასუხისგებაში მიეცეს ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო, რაც ადვოკატის განმარტებით, იმაში გამოიხატება, რომ ელისაშვილი ამ დრომდე არ ასახელებს კონკრეტულ პირებს, ვისგან ზეწოლაზეც საუბრობს. ასევე – პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს ელისაშვილის წინააღმდეგ, მისგან მთავარი პროკურორის მოადგილეზე, გიორგი გოგაძეზე ზეგავლენის მოხდენის მოტივით. “ელისაშვილი ამბობს, რომ შეხვდა მთავარი პროკურორის მოადგილეს და სთხოვა საქმეების ჩაწყობა. ეს იგივე დანაშაულია, რაზეც იგი საუბრობს პოლიტიკოსების მხრიდან”, – განაცხადა ადვოკატმა. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ “სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნან მიცემულნი, საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ #074131112801, #074118060 და კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზე (რომელთა საიდენტიფიკაციო ნომრები ჩვენთვის უცნობია), სამართალდამცავი ორგანოების ის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაიდინეს დაკავებული პირების: ანასტასია ზაუტაშვილის, გიორგი ჩეჩელაშვილის, რომან მესუმიანის, მევლუდ სვანიძის და მოწმე კახაბერ სვანაძის ცემა-წამება, არადამიანური მოპყრობა, მათი კუთვნილი ქონების უკანონო მითვისება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია”, – აღნიშნულია ადვოკატის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბორჯომში მე-12 კლასის მოსწავლემ თავი ჩამოიხრჩო
შემდეგი სტატიამთავრობამ პრეზიდენტს სემეკის წევრობის დარჩენილ ორ კანდიდატთან დაკავშირებით ისევ უარით უპასუხა