ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის განცხადების შემდეგ გამომძიებლებმა დაკავებულები დაკითხეს

ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატის, მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადების შემდეგ დაკავებულებთან საპატიმროში გამომძიებლები იმყოფებოდნენ.
როგორც ნიკოლაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” საუბარში აცხადებს, გამომძიებლებმა დაკავებულები დაკითხეს.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები გაგიჟებულები მირეკავენ. ელისაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით გამომძიებლები იყვნენ ციხეში დაკითხვაზე შემოსულები და რა ხდებაო”, – აცხადებს ადვოკატი.
ამასთან, მირიან ნიკოლაძე “სისულელეს” უწოდებს ინფორმაციას, რომ ე.წ. კოკაინის საქმის მთავარმა ფიგურანტმა ნუგზარ ბოჭორიშვილმა დაკავებულების გათავისუფლებაში თანხა გადაიხადა.
“სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ ბოჭორიშვილმა თანხა გადაიხადა ან პოლიტიკოსებს დახმარება სთხოვა. პატიმრები მეუბნებიან, რა უნდათ ელისაშვილსა და ქორიძეს, სამუდამო პატიმრობაში გვტოვებენო?1”, – აღნიშნავს მირიან ნიკოლაძე.
ნიკოლაძე როგორც ანასტასია ზაუტაშვილის, ისე ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული სხვა პირების ადვოკატია.
გაზეთ “კვირის პალიტრის” ინფორმაციით, საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეა.
როგორც “კვირის პალიტრა” წყაროზე დაყრდნობით წერს, ე.წ.კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა.
გამოცემის ცნობით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.

banner
წინა სტატიაში„თუ 50%-იან ბარიერს შემოიღებენ, ოლქებს გამოათანაბრებენ, ეს არასაკმარისი იქნება”- ვახუშტი მენაბდე
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე ადასტურებს, რომ ე.წ. “კოკაინის საქმეზე” დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა