ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ჩვენებას აძლევს.
არსებული ინფორმაციით, ბახტაძე საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც ის სასამართლოს დისტანციურ რეჟიმში ერთვება. მან გამოძიების ეტაპზეც მსგავს ფორმატში მისცა ჩვენება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.
პროკურორ თამარ იაკობიძის განმარტებით, სხდომაზე ყოფილი თანამდებობის პირები უნდა დაიკითხონ, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია კი შესაძლოა, სახელმწიფო ან პროფესიულ საიდუმლოებას შეიცავდეს.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატების განცხადებით, მოწმეებს ჩვენებები არასაიდუმლო რეჟიმში აქვთ მიცემული, ხოლო მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსი საჯაროდ არის ცნობილი, რის გამოც პროცესის დახურვის საფუძველი არ არსებობდა.
სასამართლოში იმჟამინდელი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხვა წევრების დაკითხვაც იგეგმება, რომელთა შორის არიან ვახტანგ გომელაური და ლევან იზორია.
ინფორმაციისთვის, საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების თანახმად, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. შედეგად, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ მოექცა დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივი, დაფიქსირდა უკანონო აქტივობები და მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დასახლებული პუნქტებისკენ, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.








