ე.წ. ჩორჩანას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი აძლევს ჩვენებას.
დღესვე, სუჯაშვილის დაკითხვის დასრულების შემდეგ, სასამართლოს წინაშე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი წევრი ლევან იზორია წარდგება. იგი საქალაქო სასამართლოში უკვე იმყოფება.
სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა ტარდება. პროცესის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, იმ მოტივით, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ მიწოდებული ინფორმაცია შესაძლოა სახელმწიფო ან პროფესიულ საიდუმლოებას შეიცავდეს.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, გიორგი გახარიამ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივი მოექცა. ბრალდების მხარის განცხადებით, ამ ნაბიჯს მოჰყვა უკანონო აქტივობები, დასახლებული პუნქტებისკენ მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა სოფელ ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.








